„[ოპოზიციას] არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილისნაირი ავტორიტეტული ლიდერი“ - ასე უპასუხა ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რატომ ვერ ახერხებენ პროევროპული პარტიები გაერთიანებას.
კახა გოგოლაშვილი საზოგადოების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება შეცდომა იყო.
მისი აზრით, გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა შანსი არჩევნებში სრულად ან ნაწილობრივ გამარჯვების, რაც ხელისუფლებას მნიშვნელოვნად შეასუსტებდა ან „ოცნებას“ მოუწევდა არჩევნების ტოტალური გაყალბება, რაც რევოლუციურ მუხტს გამოიწვევდა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შედეგში დამნაშავეა ის პარტიები, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და ისინიც, ვინც მონაწილეობა მიიღო? - ჰკითხა წამყვანმა ანალიტიკოსს.
კახა გოგოლაშვილი არ იყენებს სიტყვა „დამნაშავეს“, მაგრამ ამბობს, რომ ორივე მხარემ - როგორც არჩევნებში მონაწილეებმა, ისე ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა ისტორიული შესაძლებლობა დაკარგეს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ლიდერებმა ვერ აჩვენეს საჭირო დიპლომატიურობა და მოქნილობა. კახა გოგოლაშვილმა ამ თემაზე საუბრისას გამოყო როგორც პარტია „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომლებიც, მისი აზრით, უნდა ყოფილიყვნენ შემაკავშირებლები და უფრო მეტად ეცადათ სხვების დარწმუნება მონაწილეობაში, ასევე, აროგანტულებად მოიხსენია ის პარტიებიც, ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. „მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან უმრავლესობა, 8 პარტია შეკრიბეს და ამიტომ მათ უნდა ითამაშონ ის თამაში, რომელსაც ჩვენ ვაიძულებთ. ეს არის კომპრომისების არარსებობა“, - ამბობს ის.
რატომ ვერ ერთიანდებიან პროევროპული ოპოზიციური პარტიები? - ჰკითხა ჟურნალისტმა კახა გოგოლაშვილს და გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ძველი ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დასამარცხებლად, პარლამენტში ისეთი ადამიანები დასვა, ვინც ერთად მაგიდასთან არ სხდებოდნენ.
„[ოპოზიციას] არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილივით ავტორიტეტული ლიდერი, რომელსაც შეუძლია [გაერთიანება]. სამწუხაროდ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა და, რა თქმა უნდა, ძალიან აღფრთოვანებული ვარ მისი საგარეო საქმიანობით... საგარეო ასპარეზზე მან ძალიან დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ რაც შეეხება შიგნით კოორდინაციას, ეს ვერ მოახერხა. მას არ ეყო ლიდერის პოტენციალი, რადგან როგორც ჩანს, არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომელიც სჭირდება საქართველოს. შეიძლება, სადმე ევროპაში [სალომე ზურაბიშვილი] ყოფილიყო კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში ლიდერობას კიდევ სხვა ენერგია, სხვანაირი მიდგომა, კარგი გაგებით, აგრესიული პოლიტიკის წარმოება სჭირდება, ყოველდღე... ძალიან ძნელია, ქართველი პოლიტიკოსების და საერთოდ, ქართველების ერთად თავმოყრა, მოთოკვა და რაციონალურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ემოციური ხალხი ვართ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.




























