ბიზნესმენ კახა ხაზარაძის აზრით, დღეს, ოპოზიციურ პარტიებს შორის რეიტინგისთვის ბრძოლაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ იმაზე, როგორც შემოაბრუნონ სწორი მიმართულებით ქვეყანა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება.
„შინაგანად საკმაოდ დიდი პროტესტი მაქვს, რატომ ვერ გამოვიდა ოპოზიციური ძალების გაერთიანება“, - თქვა კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც წამყვანს რეპლიკით თავადაც მიმართა: „ანალოგიური შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ ბიზნესზეც - რატომ არაა ბიზნესში ერთობა ბიზნესში არაა ერთობა“....
- რატომ ვერ გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები?
- ადამიანები საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებიან...
- თუ ვთანხმდებით, რომ დღეს ყველაზე მთავარი საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება და შესაბამისად, ანატიდასავლური კურსის შეცვლაა, ეს არაა საკმარისი მიზანი ერთიანობისთვის?
- ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს - დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის რეიტინგისთვის ბრძოლაზე არ უნდა იყოს საუბარი; არამედ უნდა [მსჯელობდნენ] იმაზე, როგორ შემოვატრიალოთ სწორი მიმართულებით ქვეყანა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ყველა ადამიანმა პირადი ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს - არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსია ის თუ ბიზნესმენი; თემურ ჭყონიამაც აღნიშნა, რომ ვქმნით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ისტორიას, ჩვენ ვქმნით ოჯახებს, ჩვენ ვქმნით ბრენდებს ბიზნესში და რად გვინდა ის ბრენდი, რომელიც ქვეყნის [კეთილდღეობაში] არ ითარგმნება?! ან მაშინ რატომ ცხოვრობ ამ ქვეყანაში თუ შენი ცხოვრება ერთი დღითაა განსაზღვრული?! მაშინ არც წარსულს და არც მომავალს აზრი არ აქვს... ძალიან ბევრი თემაა, რატომაც მიჭირს იმის თქმა, რა არის იმის მიზეზი, რაც ერთიან პოზიციაზე შეჯერება ვერ გამოდის.
„წერტილთან“ ინტერვიუში ICR ჯგუფმა ისაუბრა ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს მნიშვნელობაზე და ასევე, კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების ფასზე.
„დღევანდელ სიტუაციაში, განსხვავებული აზრი მთავრობის მიერ კრიტიკულად აღიქმება და სხვადასხვა კლიშეს ადებენ ადამიანებს; მიუხედავად ამისა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გაჩუმდება, რადგან სიჩუმე პრობლემატურია. შეიძლება, ადამიანს რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ როცა გესაუბრება, მინიმუმ ხვდები, რა პასუხით უნდა დაუბრუნდე... როცა ადამიანი ჩუმად არის, ძალიან რთულია, მისი პოზიციის განსაზღვრა. დღეს სიჩუმეშია ჩაფლული მთელი ქვეყანა. პროტესტის მუხტი შინაგანად არსებობს, მაგრამ ნიჰილიზმი გაღრმავდა - მეც შინაგანად საკმაოდ დიდი პროტესტი მაქვს იმ ოპოზიციური ერთობის მიმართ, რომელიც ვერ შედგა“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიყოთ თავისუფალი ადამიანები.
„მე, როგორც მსხვილ გადამხდელს მჭირდება სტაბილური გარემო, რადგან ქვეყანაში ვქმნი დოვლათს, ფინანსური პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ათასობით თანამშრომლის წინაშე, რომელთაც ჰყავს ოჯახები და ა.შ. მაგრამ ბიზნესი მეორეხარისხოვანია, როცა საქმე საკუთარი შვილების და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ეხება. ღირებულებების ერთობა ქმნის ბიზნესს და პირველ რიგში, თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩემი თავისუფლება კი გამოიხატება იმაში, რომ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვცდები“, - ამბობს ბიზნესმენი.




























