ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის აზრით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ციხეში გამომწყვდევა ქვეყნის ბიზნესკლიმატს ძირს უთხრის.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც მხოლოდ დღეს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სამი პოლიტიკოსისთვის - ზურაბ ჯაფარიძისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის 7 და 8-8თვიანი პატიმროების შეფარდებას გამოეხმაურა.
„სოლიდარობა პოლიტპატიმრებს“, - თქვა გიორგი ხიშტოვანმა.
ეკონომისტს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ბიზნესკლიმატზე.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ამბავი, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების ციეხში გამომწყვდევას, სხვა თანაბარ პირობებში ძირს უთხრის ქვეყნის ბიზნესკლიმატს და შესაბამისად, წესით, ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა - მოსახლეობის, რომელიც დასაქმებულია სხვადასხვა ბიზნესჯგუფში და ბიზნესმენებისთვის, რომლებიც აკეთებენ ამ საქმეს სარგებლის მიღების მიზნით და ამავდროულად, ქვეყნის განვითარებისთვის კარგ საქმეს აკეთებენ.
ამიტომაც ჩვენ როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ეს ძალიან უარყოფითი ტენდენცია შემოვაბრუნოთ. სხვა შემთხვევაში მივიღებთ კონსოლიდირებულ ავტოკრატიზმს თუ არა დიქტატურას და იქ უკვე ბიზნესკლიმატზე საუბარიც კი, შეიძლება დასჯადი გახდეს“, - განაცხადა ეკონომისტმა.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - „საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, რადგან ის თავის მხრივ, წერტილს დაუსვამს იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ბოლო 20 წელია ქვეყანაში შეიქმნა და რომელმაც უზრუნველყო ქვეყნის განვითარება“ - ასე უპასუხა გიორგი ხიშტოვანმა “წერტილის“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.
"წერტილთან" ინტერვიუში ეკონომისტმა ვრცლად მიმოიხილა BAG-ინდექსის მეორე კვარტალის შედეგები. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, "ბიზნესკლიმატის გაუარესების ნელი პროცესი გრძელდება".




























