ოქროს ბირჟაზე ფასმა მოიმატა და 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება 292-დან 300 ლარამდეა. ამის შესახებ bm.ge-ის ოქროს შემფასებელ-ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე $3,500-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ძვირფასი ლითონი კვლავ მაღალ ნიშნულზე - $3,200-3,300 დიაპაზონში ივაჭრებოდა. ამჟამად უნცია ოქროს ფასი $3,300-ს აჭარბებს და არსებული პროგნოზებით, წელს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებამ ასახვა ადგილობრივ ბაზარზეც პოვა. როგორც გულიკო მორჩილაძე ამბობს, ფასის მცირეხნიანი კლების შემდეგ, ეტაპობრივი ზრდა მოხდა და ბოლო მონაცემებით, 10-15 ლარიანი მატება ფიქსირდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებლების კლების ტენდენციაც არის, რაც მათ შორის გაზრდილ ფასებს უკავშირდება.
"300 ლარს ცოტა რომ ასცდა, შემდეგ ერთი პერიოდი, დაახლოებით 10 დღე ჩამოვარდა ფასი და ახლა, ეტაპობრივად ისევ გაიზარდა. რა ტენდენცია ექნება მომავალში ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არეული სიტუაციაა. მომხმარებელიც დაიკარგა, ფაქტობრივად ცარიელია ბირჟა. ნაკეთობები ძვირდება ძალაუნებურად და მომხმარებელიც თავს იკავებს",- ამბობს ოქროს შემფასებელ-ექსპერტი.




























