მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს გაძვირების ფონზე, წელს ფასების 10%-იანი ზრდა მოგვიწია - ზარაფხანა

თორნიკე სამხარაძე

გლობალურად ოქროს ფასის ზრდის ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნაკეთობები გაძვირდა. როგორ BM.GE-ს "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, მათ წელს ოქროს ნაკეთობებზე ორჯერ მოუწიათ ფასების ზრდა, ჯამურად წლიურ ჭრილში კი გაძვირება 10%-ს შეადგენს.

თორნიკე სამხარაძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიას შესასყიდი ოქროს ღირებულება ერთ გრამზე თითქმის 100 ლარით გაეზარდა.

“როგორც მწარმოებელი კომპანიისთვის, ჩვენთვის ოქროს ფასის ზრდა საკმაოდ მძიმეა. მოგეხსენებათ, 2025 წელი ოქროსთვის განსაკუთრებული გამოვიდა, რამდენჯერმე დაფიქსირდა რეკორდული ფასი წლის განმავლობაში და ჩვენთვის ყოველ ჯერზე ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. მაისში ფასის მცირედ კონკრეტულ კოლექციებზე შევცვალეთ და შემდეგ უკვე სექტემბერში ფაქტობრივად იძულებით მოგვიწია მთელ ასორტიმენტზე ფასების ზრდა, რამაც დაახლოებით 5-6% შეადგინა. მაქსიმალურად ვცდილობდით, ფასების ზრდით მომხმარებელი არ დაგვესტრესა. აქედან გამომდინარე, თავშეკავებულად გავზარდეთ ფასები.

მაგალითად, თუკი ივლისის ბოლოს ერთი გრამი სუფთა ოქროს ფასი 290 ლარი იყო, ახლა 380 ლარიდან 397 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბევრი მომწოდებელიც არ არის, რომელიც ახლა ოქროს გაყიდდა. ჩვენ პროდუქციას რაც შეეხება, მთლიანობაში, დაახლოებით, 10-11%-ით გაძვირდა წელს”, - განაცხადა განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი წლიურად 67%-ითაა გაზრდილი და ამ დროისთვის $4,330-ის ფარგლებშია. ძვირფას მეტალზე თვიურ ჭრილში გაძვირება 7%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები