მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს გვირგვინი და გოლფის ჩოგნები - რა საჩუქრებით დაბრუნდა ტრამპი აზიიდან?

ტრამპის აზიური ტურნე

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი რიგით პირველ და ყველაზე ხანგრძლივ ტურნე აზიაში დასრულდა. ამჯერად შტატების ლიდერმა 3 კონკრეტული ქვეყანა შეარჩია. მალაიზია, იაპონია და სამხრეთ კორეა. ტრამპის 4-დღიანი ვიზიტების სერია სწორედ მალაიზიით დაიწყო, სადაც ის პრემიერ-მინისტრსა და ASEAN-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, თუმცა ქვეყანა ისე დატოვა, რომ პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმისაგან არავითარი საჩუქარი არ მიუღია.

სამაგიეროდ, პრეზიდენტს “შესაფერისი” დახვედრა იაპონიაში მოუწყვეს, სადაც განსვენებული ექსპრემიერის შინზო აბეს პოლიტიკურმა მემკვიდრემ, იაპონიის ახლახან არჩეულმა და პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ ტრამპს ოქროს ფურცლებით გაფორმებული გოლფის ბურთები, ასევე შინზო აბეს საყვარელი გოლფის ჩოგანი გადასცა. ცნობისთვის, 2017 წელს, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ რამდენიმე საათი სწორედ გოლფის თამაშში გაატარეს. როგორც მოგვიანებით ტრამპი იხსენებდა, ორ პოლიტიკოსს შორის ურთიერთობების დაახლოებას სწორედ მსგავსმა სპორტულმა აქტივობამ შეუწყო ხელი.

შესაბამისად, სანაე ტაკაიჩის მიერ ამერიკელი კოლეგისთვის შინზო აბეს კუთვნილი გოლფის ჩოგნისა და ოქროს ფურცლებით გაფორმებული ბურთების გადაცემა მნიშვნელოვან დიპლომატიურ განაცხადად ჩაითვალა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა საჩუქრად მიიღო კეპი წარწერით Japan Is Back! (იაპონია დაბრუნდა!). რამაც ბევრს დონალდ ტრამპის მიერ ინაუგურაციის დღეს გაკეთებული განცხადება America Is Back! (ამერიკა დაბრუნდა!) მოაგონა. აღსანიშნავია, რომ ქუდზე ორივე ქვეყნის ლიდერების ხელმოწერებია დატანილი. ერთი ეგზემპლარი კი თავად სანაე ტაკაიჩიმ დაიტოვა.

იაპონიიდან დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში გაფრინდა, სადაც მას ასევე ცოტა ხნის წინ არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლი ჯე მიუნგმა უმასპინძლა. ამერიკის პრეზიდენტს ამჯერად “შესაფერისი” დახვედრა მოუწყვეს. სასაჩუქრე პაკეტში ამჯერადაც ოქრო დომინირებდა. დონალდ ტრამპმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, მუგუნგვას დიდი ორდენი მიიღო. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტს სილას სამეფოს ოქროს გვირგვინის რეპლიკაც გადაეცა. საუბარია სამხრეთ კორეის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მონარქიულ რელიქვიაზე, რომელიც ნეფრიტის ქვითაა დამშვენებული. საჩუქრის გადაცემისას ტრამპმა გვირგვინის დადგმის სურვილიც გამოხატა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

წინ ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრაა, რომელიც აზიური ტურნეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. უცნობია, გაცვლიან თუ არა ორი სუპერძალის ლიდერები საჩუქრებს და დაემატება თუ არა ტრამპის იაპონური და სამხრეთ კორეული აქსესუარების ჩამონათვალს რომელიმე ძვირფასი ჩინური სკულპტურა, სამკაული თუ მედალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები