BDO საქართველოს მიერ გამოქვეყნებული საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, ოქროს მონეტების და ზოდების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული წესი პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და ის ქვეყანაში საინვესტიციო ოქროთი ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის ოქროს ზოდი არანაკლებ 995 სინჯის უნდა იყოს, ხოლო საინვესტიციო ოქროს მონეტა არანაკლებ 900 სინჯის.
BDO-ს საგადასახადო მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის 2 მარტს ფინანსთა მინისტრმა ბრძანებით განსაზღვრა, რომ იმპორტიორმა უნდა წარადგინოს პროდუქტის შესახებ დეტალური დოკუმენტაცია. მწარმოებლის სერიული ნომერი, სინჯის დამადასტურებელი დამღა და სხვა დოკუმენტები მაღალი სინჯის ოქროს ნაკეთობის პარამეტრების და შესყიდვის შესახებ, რათა საგადასახადო შეღავათით ისარგებლოს.
"2026 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №72, რომლითაც დამტკიცდა დანართი „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის შესახებ“.
ცვლილების შედეგად განისაზღვრა საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის კრიტერიუმები და იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა საინვესტიციო ოქროს იმპორტისას. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტის მიერ სრულყოფილად არ იქნება წარდგენილი დანართით გათვალისწინებული დოკუმენტები, პირი ვერ ისარგებლებს სსკ-ის 173-ე მუხლის „უ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით ანუ საინვესტიციო ოქროს იმპორტი ვერ გათავისუფლდება დღგ-ით დაბეგვრისგან. ამასთანავე, საინვესტიციო ოქროს მიწოდებისას გადასახადის გადამხდელს უნდა გააჩნდეს: სინჯის დამადასტურებელი დამღა, ნაკეთობის ფორმის აღწერა, მწარმოებლის სერიული ნომერი, ASSAY სერტიფიკატი ან დაუზიანებელი შეფუთვა და ინვოისი/ხელშეკრულება საქონლის მახასიათებლებით", - ნათქვამია BDO-ს საგადასახადო მიმოხილვაში.
საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი, 429 მილიონ ლარად გაყიდა.




























