2026 წლიდან საინვესტიციო ოქროს იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უკვე ასახულია. კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც განმარტავენ, რომ საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი საქართველოში საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს აფერხებს.
ეკონომისტების ნაწილში შეღავათების დაჩქარებული წესით შემოღება ეჭვებს აჩენს. გიორგი ხიშტოვანისთვის ბუნდოვანია საქართველოს ოქროს რეგიონულ ჰაბად ქცევის მოტივაცია. მისი თქმით, გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ კანონი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდეს.
“ეს არის იმპორტზე დღგ-ს გაუქმება. ანუ ვიღაცებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოში, რომ შეიძინონ ოქრო უცხოეთში და შემოიტანონ ქვეყანაში ისე, რომ არ გადაიხადონ გადასახადი. ვის შეიძლება ჰქონდეს დღეს საქართველოში, ის რესურსი, რომ ასეთი საინვესტიციო ოქროში ჩადოს ფული და ამაში უშლიდეს ხელს მას დღგ? ვერ წარმომიდგენია ასეთი ინვესტორის ტიპი, მით უმეტეს აქ არის სპეციფიკურ, ძალიან ძვირად ღირებულ პროდუქციაზე საუბარი.
არაფერი ამას საფუძვლად არ ჰქონდა აქამდე და როგორ გაჩნდა უცბად საქართველოში, ოქროს ჰაბის გაჩენის ხაჭიროება, მე ვერ ვხვდები.
ოფშორების კანონი არის კარგი პრეცედენტი, როდესაც იგივე ტექსტით, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ფინანსური ინვესტიციების მოზიდვა, შეიცვალა მაშინ კანონი და საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაუფორმა თავის შვილს ქონება ოფშორებიდან საქართველოში. მსგავს შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი,” - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან.




























