მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება - დილერები მიზეზებზე

63ce2116ce552
თათია კაკიაშვილი
24.01.23 09:40
1581
სტატიაში საუბარია:
2023 წელი ოქროს და ვერცხლის ინდუსტრიისთვის მაღალი გაყიდვებით დაიწყო. ინდუსტრიის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, რომ როგორც წესი, სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ, ყოველი მომდევნო წლის პირველი კვარტალი გაყიდვების დაბალი ნიშნულით იწყება ხოლმე, თუმცა წლევანდელი იანვარი გამონაკლისი აღმოჩნდა. “თბილისი ცენტრალის” ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ძვირფას ლითონზე მოთხოვნის ზრდა გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და დილერები ამ ფაქტს ქვეყანაში შემოსული ტურისტების ზრდას უკავშირებენ. უფრო ზუსტად - ოქროს ბირჟის მენეჯერის ეთერ ყიფიანის თქმით, შარშანდელ იანვართან შედარებით, წელს გაყიდვებმა 30%-ით მოიმატა.

„წელს იანვარში ბირჟაზე ხალხი საკმაოდ შემოდის. ზოგადად, იანვარი ვაჭრობისთვის საკმაოდ რთული თვეა ხოლმე, მაგრამ წელს ჩვენს ბირჟას ეს არ ეტყობა. შარშანდელ იანვართან შედარებით, გაყიდვებმა 30%-ით მოიმატა. ოქროზე ფასიც შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მაღალია. რუსეთიდან და უკრაინიდან ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რა თქმა უნდა, ოქროს შეძენაც ამის ფონზე მაღალია. დოლარიც რომ დაწეულია, ოქროს ფასებიც თავისთავად რეგულირდება, შესაბამისად, შეიძლება - ამანაც გამოიწვია,“ - განაცხადა „თბილისის ცენტრალის“ ოქროს ბირჟის მენეჯერმა ეთერ ყიფიანმა.

ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნის ზრდას და ფასნამატს ადასტურებენ “ოქროს კიდობანშიც”. დილერები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის ვიზიტორები უპირატესობას დაბალი ღირებულების ნაკეთობებს ანიჭებენ.

„მუშაობა 2 იანვრიდან დავიწყეთ. მთლიანობაში გაყიდვები მაღალი იყო, მაგრამ - უფრო ბიუჯეტური ნაწარმის - 300-დან 1000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში. 2022-ში ოქროზე ცოტა დაბალი ფასი იყო, წლის ბოლოს კი ღირებულება ყველა სინჯზე 10 ლარით გაიზარდა. 585 სინჯის ნაწარმის ფასი 120-125 ლარიდან იწყება, ბრენდული ნაწარმი - 180-200 ლარი ღირს,“ - განაცხადა „ოქროს კიდობანის“ ექსპერტმა ალექსანდრე ბარსეგიანმა.

მოთხოვნის ზრდის პროპორციულად, გაიზარდა ოქროს ღირებულებაც - ფასნამატმა გრამ ოქროზე, სინჯების მიხედვით, საშუალოდ 10-12 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, “ოქროს ბირჟაზე” მომხმარებელს 585 სინჯის გრამი ოქროს შეძენა საშუალოდ 100-120 ლარად შეუძლია, ხოლო 750 სინჯის - 150-160 ლარად. რაც შეეხება ბაჯაღლოს, მისი ფასი 170-180 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები