საცალო ციფრული ოქროს გლობალური ბაზარი 2031 წლისთვის შესაძლოა გასამმაგდეს და დღევანდელი $45-$55 მილიარდიდან $160-$170 მილიარდამდე გაიზარდოს.
World Gold Council-ის ახალი ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, სექტორის გრძელვადიანი პოტენციალი $700 მილიარდად ფასდება.
ოპტიმისტური პროგნოზით, ბარიერების სწრაფი მოხსნისა და გლობალური რეგულაციების ჰარმონიზაციის შემთხვევაში, ბაზრის მოცულობა $270-$280 მილიარდსაც კი მიაღწევს.
რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, ამ შემთხვევაში ზრდა მხოლოდ $70-$80 მილიარდამდე შეიძლება იყოს, რაც ფარული მოთხოვნის ათვისების გარეშე, მხოლოდ დემოგრაფიული ზრდითა და ციფრული ინვესტორების რაოდენობის მატებით იქნება განპირობებული.
როგორც სტატიიდან ვიგებთ, საბაზისო პროგნოზის გამართლებისთვის აუცილებელია, მარეგულირებლებმა სიცხადე შექმნან, ფიზიკური ოქროთი უზრუნველყოფა კი მეტად გამჭვირვალე გახდეს.
7,149 გამოკითხული რესპონდენტიდან 40%-ზე მეტმა WGC-ს განუცხადა, რომ აქტივების შენახვის ხარვეზი, თაღლითობა ან ჰაკერული თავდასხმა მათ ნდობას შეარყევს.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რადგან ინდონეზიამ სპეციალური მარეგულირებელი რეჟიმი აამოქმედა, ჰონგ-კონგმა ოქროს ტოკენები საინვესტიციო ჩარჩოში მოაქცია, ხოლო დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ ტოკენიზებულ ოქროზე კონსულტაციები დაიწყო.
კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ინვესტორთა ნდობისთვის გადამწყვეტი იქნება ციფრული აქტივის ფიზიკურ მეტალში განაღდების გამარტივება, რაც დღეს გეოგრაფიული შეზღუდვებისა და მაღალი მინიმალური ზღვრის გამო, მხოლოდ ფორმალური გარანტიის ფუნქციას ასრულებს.
როგორც World Gold Council-ი წერს, ბაზრის გასაფართოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პროდუქტების ტრადიციულ საბანკო არხებსა და გადახდის პლატფორმებში ინტეგრაცია, რადგან დღეს ტოკენიზებული ოქროს შესაძენად ხშირად კრიპტოსაფულის შექმნაა საჭირო.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ნაცნობ ფინანსურ აპლიკაციებში ციფრული ოქროს დანერგვამ ინდოეთში უკვე 120 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა, ინდონეზიაში კი ტრანზაქციებში 5 მილიონი ადამიანი ჩაერთო.
სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ პროდუქტის ხარჯები კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს ფიზიკურ ოქროსთან და ფონდებთან მიმართებით, ვინაიდან მხოლოდ გაციფრულება მოპოვების, შენახვისა და შესაბამისობის საბაზისო დანახარჯებს არ ამცირებს.
ფასების კლება პირდაპირ არის დამოკიდებული მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის ზრდასა და ვაჭრობის სისწრაფეზე, რაც პროვაიდერებს ხარჯების გადანაწილების საშუალებას მისცემს.
























