მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას ან მათ მხოლოდ 0%-2%-ის ფარგლებში ზრდას ელოდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ოქტომბრის ანგარიშშია აღნიშნული.

გამოკითხვის თანახმად, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში შემცირდა იმ ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების 6%-8%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას პროგნოზირებენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას უფრო დაბალ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალებში მოიაზრებენ.

მსგავსი ტენდენცია გამოვლინდა სამწლიან ინფლაციურ მოლოდინებშიც. კერძოდ, შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების 4%-6%-ით, 6%-8%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პერიოდში ფასების ცვლილებას 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ.

შემცირებულია კომპანიების მოლოდინებიც საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების გაძვირებასთან დაკავშირებით. ოქტომბრის გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერთან შედარებით, ნაკლები რესპონდენტი ელოდება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების 2%-4%-ით, 4%-6%-ით, 6%-8%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ფასების უცვლელად შენარჩუნებას ან მათ მხოლოდ 0%-2%-ით მატებას ვარაუდობენ.

განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო პერიოდში ხელფასების 10%-20%-ით და 20%-30%-ით ზრდას ელოდებიან. ამავდროულად, შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ან მათ 30%-ზე მეტად ზრდას პროგნოზირებენ.

გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაზრდილია კომპანიებში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა. ეს მაჩვენებელი ასახავს, თუ რამდენად იყენებენ კომპანიები რეალურად ხელმისაწვდომ რესურსებს მათი მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის გამოკითხვა ასახავს ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მოლოდინებს და არა სამომხმარებლო ფასების ფაქტობრივ ცვლილებას. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები ბიზნესის სამომავლო შეფასებებსა და განწყობებს აღწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები