ტურისტული კომპანია Georgia Travel Group-ის დამფუძნებელი, თამარ კურტანიძე აცხადებს, რომ ისრაელში შექმნილი ვითარების გამო, მათი კომპანიის შემთხვევაში ისრაელიდან ყველა ჯავშანი გაუქმდა.
„ჩვენ მთელი წელი გვყავს ტურისტები ისრაელიდან. შემოდგომასა და ზამთრის სეზონზე შედარებით ნაკლები, თუმცა ზაფხულში შედარებით მეტი. ოქტომბერში დაახლოებით ალბათ 1500-2000 კაცამდე სტუმარს ველოდით და ყველა ჯავშანი გაუქმდა. ეს საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალია, რადგან ისრაელი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი ჩვენთვის და შესაბამისად, მთლიანად გაუქმდა შემოსავალიც“, - თქვა მან.
რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბერში ტურებს, როგორც კურტანიძე ამბობს, ჯერ ტურები დაგეგმილი არ არის, თუმცა როგორც კომპანიის პარტნიორები ამბობენ, ჯერ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.
„რაც შეეხება სხვა ბაზრებზე დივერსიფიკაციას, სხვა ბაზრებზე ისედაც ვმუშაობთ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპის ბაზარი ისედაც შემცირებული იყო, ხოლო ისრაელი სტაბილური ბაზარი საქართველოსთვის. ეს იყო ბაზარი, რომელიც მუდმივად მოქმედებდა, პანდემიის შემდეგაც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც დაიძრნენ საქართველოსკენ. ვფიქრობ, მინიმალური უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ ნაკადები დაბრუნდება“, - ამბობს ის.




























