ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვალი $201 მილიონით შემცირდა და მან 8.83 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვალის შემცირებას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის პირველია საქართველოს მიერ გასული თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალების დაფარვაა, მეორე კი ევროს გაუფასურება, რამაც ევროში გამოსახული ვალის მოცულობა შეამცირა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 59% არის ევროში დენომინირებული, ხოლო გასულ თვეში ევრო დოლართან მიმართებით გაუფასურდა, თუკი 2024 წლის 30 სექტემბერს ერთი ევრო 1.12 დოლარი ღირდა, 31 ოქტომბრისთვის ერთი ევროს ღირებულება 1.08 დოლარს შეადგენდა, ეს კლება კი დოლარში გამოსახული საგარეო ვალის შემცირებაში აისახა.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს ყველაზე დიდი მოცულობის - 2.3 მილიარდი დოლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიმართ მართებს, რადგანაც ADB ამჟამად არის უმსხვილესი დონორი, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. მეორე ადგილზეა $2.15 მილიარდით მსოფლიო ბანკი, ხოლო მესამეზე ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით.
საქართველოს საგარეო ვალის პორტფელი 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:
კრედიტორი | ვალის ნაშთი 2024 წლის ოქტომბერში მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა თვესთან მლნ დოლარი |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,307 | -$55 |
მსოფლიო ბანკი | $2,149 | -$28 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,110 | -$39 |
საფრანგეთი (AFD) | $790 | -$24 |
გერმანია (KFW) | $601 | -$16 |
ევრობონდი | $500 | $0 |
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ | $379 | -$7 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $222 | -$7 |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $214 | -$5 |
მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | $196 | -$4 |
ევროკავშირი (EU) | $144 | -$4 |
იაპონია | $123 | -$8 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $36 | -$1 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $15 | $0 |
ავსტრია | $11 | -$1 |
ქუვეითი | $10 | -$1 |
რუსეთი | $8 | $0 |
ამერიკის შეერთებული შტატები | $7 | -$1 |
თურქეთი | $2.2 | $0 |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $1.8 | $0 |
ყაზახეთი | $1.3 | $0 |
აზერბაიჯანი | $1.2 | $0 |
სომხეთი | $1.0 | $0 |
ირანი | $0.8 | $0 |