მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში სავალუტო რეზერვები $627 მილიონით შემცირდა - რა იქნება შედეგი?

2024 წლის ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს რომელიმე თვის განმავლობაში ჰქონია. ამასთან, ბოლო ერთწლიან ჭრილში რეზერვები 1 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

კომენტარი სავალუტო რეზერვების თემაზე კვირის ბოლოს, ბანკირის დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა, თურნავა ამბობს, რომ წელს წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს, იმის ფონზე რომ წინა წელს წმინდა შესყიდვები 1.3 მილიარდი დოლარი იყო. "შესაბამისად იმის თქმა, რომ დიდი ზიანი მიადგა რეზერვებს არის არასწორი,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობილია, რომ ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის იანვარში Bmatch პლატფორმით შეისყიდა $8.1 მლნ, თებერვალში $77.5 მლნ, მარტში $127.9 მლნ, აპრილში $73.1 მლნ, ივლისში $1.9 მლნ, აგვისტოში კი $41 მილიონი დოლარი. შესაბამისად, წელს რეზერვების ჯამურმა შესყიდვებმა 333 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება გაყიდვებს, აპრილში სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch პლატფორმით 117.8 მილიონი დოლარი გაყიდა, ივნისში კი 102 მილიონი დოლარის გაყიდვები განახორციელა. სექტემბერში კი გაყიდვები 106 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.84 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ თანხიდან 3.5 მილიარდი დოლარი განთავსებულია ფინანსურ აქტივებში, ხოლო $627 მილიონი მონეტარულ ოქროში (7.1 ტონა), რომელიც სებ-მა 2024 წლის მარტსა და აპრილში შეიძინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა, აქედან ყველაზე დიდი - 627 მილიონი დოლარის კლება 2024 წლის ოქტომბერში იყო, რაც ყველაზე მსხვილი ერთთვიანი შემცირებაა, რაც კი საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოდესმე ჰქონია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო.

რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

სტუმარი: რომან გოცირიძე - პარლამენტარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები