ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სებ-მა ოქტომბერში სავალუტო რეზრვები "საკმაო მოცულობით" შეისყიდა, რის შედეგადაც საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულად 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
"2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა იანვარ-სექტემბერში 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ჩვენ მომდევნო დღეებში გვიწევს გამოქვეყნება ოქტომბრის სტატისტიკის და წინასწარ არ მინდა ციფრი ვთქვა, მაგრამ მერწმუნეთ საკმაოდ მოცულობითი შევსება მოვახერხეთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკი ოქტომბრის განმავლობაში შესყიდული აშშ დოლარის მოცულობის შესახებ ინფორმაციას 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვები 37%-ით, ანუ 1.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.




























