საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესყიდვის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, მარტში ბაზარზე შექმნილი ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად დოლარის შესყიდვები განახორციელოს.
თუმცა, თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ნათია თურნავას განცხადებით, ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, სებ-ს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია.
"რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის ოპერაციები, არამედ საგარეო ვალის მომსახურებაც და ესეც აისახება რეზერვების სტატისტიკაზე, როდესაც ხდება გეგმაზომიერად საგარეო ვალების დაფარვა. რაც შეეხება ინტერვენციებს ჩვენ არ განგვიხორციელებია არანაირი ინტერვენცია - არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია თანხა სავალუტო ბაზარზე.
მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პირიქით შევავსოთ რეზერვები და ვიყიდოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება შემდეგ თვეში და ახლა არ არის მიზანშეწონილი რომ ვთქვა რას ვაკეთებთ ამჟამად სავალუტო ბაზარზე. ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის ძლიერი სავალუტო შემოდინებები. თქვენ ხედავთ, რომ ლარი გამყარდა კიდევაც, თებერვლის ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია და 2.4%-ია, შესაბამისად, ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.