კომპანია „თრეიდინგ სოლუშენსში“ აცხადებენ, რომ ოქტომბრიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე მონაწილე მსხვილი კომპანიების ნაწილი გასვლას გეგმავს.
როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა მერაბ ლომინაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების ნაწილი მზადაა, ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყოს. თუმცა მისი თქმით, ბირჟის სრულყოფილად ასამოქმედებლად მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტექნიკური საკითხები მოგვარდეს.
რაც შეეხება გენერაციის ობიექტებს, ამ მიმართულებით მერაბ ლომინაძე გააქტიურებას გაზაფხულიდან ელის.
“ჩვენ ამ დროისთვის 24 მსხვილ კომპანიას ვაერთიანებთ და მათთან კონსულტაციის საფუძველზე, შეგვიძლია გითხრათ, რომ ისინი მეტწილად მზად არიან, სცადონ ეს პლატფორმა და ბირჟაზე სავაჭროდ გავიდნენ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით დიდი იქნება აქტიურობა შემოდგომაზე, ვიდრე ეს გასულ პერიოდში იყო. ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ, რაც მოლოდინი მაქვს, რომ უკვე გენერაციის ობიექტებიც ჩაერთვებიან ბირჟაზე ვაჭრობაში. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები არ მოქმედებს, ქვეყანაში ჭარბი ელექტროენერგიაა. ამ შემთხვევაში, ბირჟა ერთ-ერთი საშუალებაა, სადაც გენერაციის ობიექტს შეუძლია ენერგია გაყიდოს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებიდან სამი თვის თავზე პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობამ 15-ს მიაღწია, მათ შორის ბოლო პერიოდში ბირჟას ორი ფეროშენადნობთა საწარმო დაემატა. ვაჭრობის მხრივ კი აქტივობა კვლავ დაბალია და აგვისტოში ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ 2 დღეს შედგა.