ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს სამხრეთ კორეაში შეხვდება, ორივე მხარე, ახალი ტარიფებით მუქარისა და ექსპორტზე დაწესებული კონტროლის შემდეგ, დაძაბულობის განმუხტვას ეცდება - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ისაუბრა.
გასულ კვირას მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის კვლავ დაანონსდა სავაჭრო ომი, როდესაც ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა ქვეყნიდან იშვიათი მინერალების ექსპორტზე რეგულაციები, საპასუხოდ კი დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდაზე ისაუბრა.
თუმცა, მიმდინარე კვირის დასაწყისში, სკოტ ბესენტმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ტრეიდრები და ინვესტორები დაარწმუნეს, რომ ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეა და არსებობს “სატარიფო ზავის” მიღწევის გზა, რომელზეც ასევე ორივე მხარე მუშაობს.
როგორც ბესენტმა Fox News-თან განაცხადა, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში აშშ-ჩინეთის შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრებია ჩანიშნული, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების პარალელურად.
“არ არის აუცილებელი, 100%-იანი ტარიფები დაწესდეს. განცხადებების მიუხედავად, ორ მხარეს შორის ურთიერთობა კარგია, ხელახლა გაიხსნა კომუნიკაციის ახალი ხაზები”, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრაზე მედიაში ამ დრომდეც საუბრობდნენ, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ ყოფილა. შეხვედრის შესაძლებლობა განსაკუთრებით ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა: “აშშ-ს არ შეუძლია, თან მოლაპარაკებები მოითხოვოს და, ამავდროულად, შემზღუდავი ზომებით დაგვემუქროს”.




























