მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ორ დღეში 20 ათასი ლარის ჯავშანი მომიხსნეს" - გუდაურში სასტუმროების მენეჯერი პრობლემებზე საუბრობს

5e12ff4b71995
ინგა მურუსიძე
06.01.20 21:40
1162
არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ, რომ გუდაურს წყალი არ მიეწოდება, ბიზნესი ძალიან დააზარალა, - ამის შესახებ bm.ge-ს ორი სასტუმროს - „გეოგრაფი“ და „გუდაური ლოფტის“ მენეჯერმა, მაიკო მურაჩაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო ჯავშნების ჩახსნა და მხოლოდ ერთ დღეში ერთ სასტუმროს 20 ათასი ლარის ღირებულების ჯავშანი ჩაეხსნა.

„მე ვარ ორი სასტუმროს მენეჯერი გუდაურში, ესენია „გეოგრაფი“ და სასტუმრო „გუდაური ლოფტი“. არც ერთ სასტუმროში წყლის პრობლემა არ გვქონია, არც მე და არც მეზობელ სასტუმროებს. ზოგადად, წყლის პრობლემა ჰქონდა ახალ გუდაურს. მე დეტალურად არ ვიცი, რა პრობლემა იყო „რედკოსთან“ დაკავშირებით, ეს იყო ავზის, თუ არასაკმარისი ნალექის პრობლემა, თუმცა გუდაურთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა ერთ კონკრეტულ ადგილს და ეს არის ახალი გუდაური, სადაც არის აპარტამენტები და რამდენიმე აპარტამენტი-სასტუმრო. გამომდინარე იქიდან, რომ დაიწყო დიდი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ გუდაურს წყალი არ მიეწოდება, როგორც კი ეს ყველა არხზე დატრიალდა, ჩვენ ჩაგვეხსნა ჯავშნები, რადგან გვირეკავდნენ და გვწერდნენ პირდაპირ, თქვენთან წყალი არ არის და ჩვენ ჯავშნებს ვაუქმებთო“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

მისივე თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებამ სასტუმროების ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„ორ დღეში, ერთ სასტუმროში 20 ათასი ლარის ჯავშანი მომეხსნა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სერიოზული ზარალი მივიღეთ. ისედაც რთული სეზონი გვაქვს, თოვლი არ არის და ხელოვნური დათოვლიანება ახლა კეთდება, რომ იმ ხალხმა მაინც ისრიალოს, ვინც ჩამოვიდა, მაგრამ ხვალიდან და ზეგიდან უკვე ჯავშნები აღარ გვაქვს“, - განაცხადა სასტუმროების მენეჯერმა.

მისივე ინფორმაციით, გუდაურში ძირითადად ჩადიან ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან, ემირატებიდან, ინდოეთიდან, ასევე გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

„რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, საშინელი კლება გვაქვს. თუ რომელიმე სასტუმროს მენეჯერს ნახავთ, რომელიც იტყვის, რომ მატება არის, ძალიან მაგრად უმუშავია. პირველ რიგში ეს არის ამინდის ბრალი, რადგან წელს გუდაურში თოვლი არ გვაქვს. ხელოვნური დათოვლიანება დაიწყო რამდენიმე ხნის წინ, რადგან ყინვაც ახლა დაიწყო. მაგრამ როგორც კი ატყდა ბუმი, რომ გუდაურს წყალი არ აქვს, მაშინვე დაიწყეს მოწერა უკრაინიდან, რუსეთიდან, რომ ჯავშნებს აუქმებდნენ. ყოველდღიურად ნაცვლად დაჯავშნისა, გვირეკავენ ჯავშნების გაუქმებაზე. უკვე გაშუქდა, რომ გუდაურში პრობლემა სრულად აღმოფხვრილია და ვნახოთ რა იქნება“, - უთხრა bm.ge-ს მურაჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები