მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორ-სამ წელში ვვარაუდობთ, 300 მეგავატის [აშენებას] და ₾0.5 მლრდ ინვესტიციას - იორდანიშვილი

ლაშა იორდანიშვილი

ენერგეტიკული კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ რუისში მშენებარე ქარის მზის სადგურის პროექტზე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან [EBRD] ჯამში 200 მლნ დოლარი მოიზიდეს ინვესტიციის სახით.

ასე პასუხობს ის BMG-ის კითხვას რთულია თუ არა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა მაშინ, როცა მსხვილი პროექტები გაჩერებულია, ხოლო ნამოხვანჰესის პროექტის ინვესტორთან სახელმწიფომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ურთულესი დარგი, რომელიც მოიცავს ძალიან ფართო ასპექტს თვითონ მშენებლობაშიც. მაგალითად ჩვენი კომპანიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვახორციელებთ 206 მეგავატიანი რუისის ქარის პროექტს და EBRD -ის სესხი მოვიძიეთ, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი", - ამბობს იორდანიშვილი და ამატებს, რომ ეს სესხი განვითარების ბანკისგან როგორც კერძო კომპანიამ ისე მიიღო.

"რა თქმა უნდა ისეთი შემთხვევებიც არის, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ სახელმწიფო პროექტებს, თუმცა არის კიდევ მიმართულება ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, როდესაც კერძო კომპანიებს პირდაპირ ემუშავებიან. რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, იმიტომ რომ, როდესაც გადის პროექტი „დიუ-დილლიჯენსს“, იქ რიგი საკითხებია ვთქვათ მემორანდუმებთან დაკავშირებით, CFD-სთან დაკავშირებით და ა.შ.

სხვათა შორის საქართველო არასდროს განიცდიდა ამ დარგით დაინტერესებული მოთამაშეების დეფიციტს. არა მარტო EBRD-ი, არამედ აქვე აღვნიშნავ თიბისი ბანკსაც ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს ენერგეტიკაში. საქართველოს ბანკსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს. ყოველ შემთხვევისთვის სადგურები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ, ეს არის დაახლოებით 250 მეგავატი, რაც დაახლოებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო, ეს მოხდა ადგილობრივი ქართული ბანკებითა და EBRD-ის დაფინანსებით. მომავალ ორ-სამ წელიწადში ვვარაუდობთ, დაახლოებით 300 მეგავატის ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას... ეს ჩემი კომპანიის გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ. ადგილობრივი ბანკებიც პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, თუ პროექტი ჯანსაღია, თუ თანადაფინანსებაც "ჯანმრთელად" მიყვება, ძალიან ოპერატიულად და კარგად ეხმარებიან მის განვითარებას.

რაც შეეხება რუისის ქარის სადგურს, დღეს თქვენ თუ გაივლით დასავლეთის მიმართულებით, როგორც კი გაცდებით გორის გვირაბს, მარჯვენა მხარეს დაინახავთ, რომ პირველი ბოძი უკვე დადგა. სულ 35 ტურბინა უნდა დაიდგას", - ამბობს იორდანიშვილი.

ამ ეტაპზე საქართველოს ერთადერთი ქარის მცირე 21 მეგავატიანი სადგური აქვს, რომლის გამომუშავება წელს 10 თვეში ჯამში 71 მლნ კვტ.სთ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები