მსოფლიოში სათამაშოების უმსხვილესმა წარმომადგენელმა, Lego-მ, გადამუშავებული პლასტმასისგან სათამაშოების წარმოება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც აღმოაჩინა, რომ ნედლეულის მოძიება ნახშირბადის ემისიების კლების ნაცვლად, მათ ზრდას გამოიწვევდა.
დანიურმა კომპანიამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ფერადი ბლოკებისა და ასაშენებელი კუბების გადამუშავებული პლასტმასისგან წარმოების დაპატენტების პროცესი შეაჩერა, რადგან 2-წლიანმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ახალი მასალა ნახშირბადის ემისიებს ვერ შეამცირებდა.
წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, Lego-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია მდგრადი განვითარებისა და ეკომეგობრული წარმოების გზებს ეძებს და 2032 წლისთვის საკუთარ ემისიებს შეამცირებს.
ორი წლის წინ კერძო კომპანიამ, რომელიც ასაწყობ სათამაშოებს ნავთობპროდუქტებისგან დამზადებული პლასტმასით აწარმოებს, უსაფრთხოდ გადამუშავებულ პლასტმასაზე გადაწყობის პოტენციალი გამოიკვლია. კომპანიამ 1.2 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია გამოყო იმისთვის, რომ 2032 წლისთვის Lego-ს ნახშირბადის ემისიები 37%-ით შემცირებულიყო.
სათამაშოების მწარმოებლის თქმით, კომპანია ალტერნატიულ ნედლეულზე მუშაობას აგრძელებს და მომავალში გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებას კვლავ განიხილავს.