მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანის პუტინთან შეხვედრის გამო, პოლონეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გააუქმა

 კაროლ ნავროცკი

პოლონეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც ორბანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელ მარცინ პრჟიდაჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრჟიდაჩის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის წინამორბედ ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობას, ასევე ევროპის უსაფრთხოებაში სოლიდარობის პრინციპის მნიშვნელობას ემყარება.

„პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტისა და მისი კონტექსტის გათვალისწინებით, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობაზე მითითებით – რომლის თქმითაც ევროპის უსაფრთხოება სოლიდარობას ეფუძნება, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში – პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტი მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომის სამიტით შემოიფარგლოს“, – განაცხადა პრჟიდაჩმა.

მისი თქმით, სამიტზე ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად ნავროცკი ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. პრჟიდაჩმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მუდმივად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების რეალისტური გზების მოძიებას.

უკრაინული მედიის ცნობით, ნავროცკი 3 დეკემბერს ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრება უნგრეთში და ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 4 დეკემბერს კი პოლონეთის პრეზიდენტს ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ორბანს უნდა შეხვედროდა თუმცა ეს ნაწილი გაუქმდა.

ინფორმაციისთვის, 28 ნოემბერს ვიქტორ ორბანი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სასურველია რუსულ ნავთობსა და გაზზე დეტალური მოლაპარაკებების გაგრძელება. პუტინმა კი განაცხადა, რომ კვლავაც მიესალმება ბუდაპეშტში სამშვიდობო შეხვედრის გამართვის იდეას და მადლობა გადაუხადა ორბანს მასპინძლობის შეთავაზებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები