უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გააჟღერა. როგორც ქვეყნის მმართველი მიიჩნევს, ის სამხედრო მოქმედება, რაც ამერიკამ კარაკასში განახორციელა, ენერგეტიკულ ბირჟებზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. ორბანის შეფასებით, ამის მიზეზი იქნება ის, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად ნავთობის რეზერვების 40-50%-ს ფლობენ. შესაბამისად, თუ ვენესუელაში ამერიკული კომპანიები შევლენ, ეს ფასებზე დადებითად იმოქმედებს.
“თუ გავითვალისწინებთ, რა მოცულობის ერთობლივ რეზერვებს ფლობს ეს ორი სახელმწიფო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ნავთობის ფასებზე ზეგავლენის მოხდენა თავისუფლად შეეძლებათ. ეს კი უნგრეთისთვის ძალიან კარგი ამბავია”. - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყნის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვნად შეაფასა და თქვა, რომ გარკვეულ პერიოდში ამ ნაბიჯს გავლენა ექნება იმ ქვეყნებზე, რომლებიც წიაღისეულ საწვავს იმპორტის გზით იღებენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე მოელის, რომ რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებას სწორედ ამერიკის დახმარებით შეამცირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, როცა ქვეყნები გათხევადებული ბუნებრივი აირის Chevron-ისაგან შესყიდვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიციალური ბუდაპეშტი რუსულ ნავთობზე კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ორბანი მოელის, რომ წიაღისეული საწვავის ფასები მკვეთრად შემცირდება, უნგრეთი კი რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე უარის თქმასთან ერთად ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეძლებს.




























