სნექებისა და ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია Mondelez International, რომელიც „ორეოს“ ბრენდს ფლობს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მარკეტინგული კონტენტის წარმოების ხარჯები 50%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეფუთული საკვების გლობალურმა მწარმოებელმა AI ინსტრუმენტის შემუშავება გასულ წელს დაიწყო.
Mondelez-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ ჰალვორსონის განცხადებით, ახალი სისტემა მომავალ წელს უკვე შეძლებს მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო რეკლამების შექმნას. მათ შორის, სადღესასწაულო სეზონისთვის და შესაძლოა 2027 წლის Super Bowl-ისთვისაც.
მისივე თქმით, კომპანიის შოკოლადის ბრენდმა Cadbury-მ პროექტში 40 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, ხოლო დანაზოგის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ხელსაწყო უფრო რთული ვიდეოების გენერირებას შეძლებს.
მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბიუჯეტების შემცირების ფონზე, Mondelez სხვა მსხვილი მწარმოებლების მსგავსად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს სარეკლამო ხარჯების ოპტიმიზაციისა და პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების დასაჩქარებლად. AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკვე ცდიან კონკურენტებიც - მათ შორის Kraft Heinz და Coca-Cola.
აღსანიშნავია, რომ Coca-Cola-მ 2024 წელს AI-გენერირებული სადღესასწაულო რეკლამები გამოუშვა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი პერსონაჟების „რეალური ემოციების ნაკლებობისთვის“ კომპანიას აკრიტიკებდა.




























