გასულ კვირას პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“ დაამტკიცა. ეს კანონი აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც. რაც შეეხება ცოცხალ დონორობას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა როგორც სასამართლოს, ისე ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ გაცემული თანხმობა. როგორც კანონშია აღნიშნული, პირს, რომელიც აკმაყოფილებს ორგანოს გადანერგვის სამედიცინო კრიტერიუმებს, დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეცეს თანაბარი უფლება, უფასოდ დარეგისტრირდეს მომლოდინეთა ეროვნულ სიაში. კანონი ითვალისწინებს ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნას. რას შეცვლის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ჯანდაცვის სისტემაში, ახლავს თუ არა ორგანოთა გადანერგვის პროცესს რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ დონორობის მსურველმა მოქალაქეებმა?
სტუმარი: გია თომაძე - პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;