საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯინო დოლინის შეფასებით, სტარტაპებისა და ინოვაციური კომპანიების ნაწილი საქართველოში საქმიანობას აჩერებს ან ბიზნესი ქვეყნის გარეთ გააქვს.
„ერთ-ერთი საუკეთესო, სამეულში შემავალი საერთაშორისო კომპანიის ფილიალი დაიკეტა, [კომპანიას Terminal-ში ჰქონდა ოფისი], იმიტომ რომ მდგომარეობა არ იყო ისეთი ამ ქვეყანაში, როგორსაც ელოდნენ“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც იმ კომპანიების და სტარტაპების მაგალითზე, რომელთაც Terminal-ის ქსელში სივრცეები ჰქონდათ ნაქირავები, ქვეყნის ბიზნესგარემოზე ისაუბრა.
Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორი სტარტაპ კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მსხვილი სტარტაპი დაიკეტა, ხოლო ნაწილმა - თავისი იურიდიული სტრუქტურა და ფინანსური ანგარიშები საზღვარგარეთ გადაიტანა, ძირითადად, აშშ-ში.
„საქართველოდან საქმიანობენ, თუმცა კომპანიის შემოსავლები იქნება თუ ანგარიშები და ასე შემდეგ, იურიდიული საკითხები, ყველაფერი გადაიტანეს - რამდენიმე მსხვილ სტარტაპს ვგულისხმობ... მაგალითად, ორი მსხვილი სტარტაპი საერთოდ დაიკეტა. ერთი სულს ღაფავს და ალბათ რამდენიმე კვირაში თავს ლიკვიდირებულად გამოაცხადებს... კონკრეტული მიზეზები არ ვიცი“, - აღნიშნა ჯინო დოლინმა.
მისივე დაკვირვებით, თუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა განვითარების პიკზე იყო, ახლა აქტივობა საგრძნობლად შემცირდა.
„წლების წინ ბუმი იყო - ბევრი სტარტაპი ჩნდებოდა, მხარდამჭერი პროგრამები მოქმედებდა, GITA აქტიურად იყო ჩართული. ახლა ეს ყველაფერი საგრძნობლად დაკლებულია, რაც ჩვენზეც აისახა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი სწორედ სტარტაპერები იყვნენ“, - აღნიშნა დოლინმა.
ჯინო დოლინმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ და საინვესტიციო გარემოზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ქვეყნის ეკონომიკა მოლოდინის რეჟიმშია გადასული.
მისი თქმით, ინვესტიციების მხრივ, პოზიტიური დინამიკა არაა [რაც FDI-ის ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება] და ბევრი კომპანია ინვესტორების სიმცირეს განიცდის.
„ცვლილებები არ არის. მე არ ვიცი, რა ინვესტიციები იდება ქვეყანაში, რადგან საქსტატის ვებგვერდზე რომ შედიხარ, იქ ჩანს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ იმ სფეროში, სადაც მე მიწევს საქმიანობა, ინვესტიციები არ გაკეთებულა. მესმის, რომ თითქოს დეველოპერულ კომპანიებში ბევრი ინვესტიცია შემოდის, თუმცა ამასაც ჯერ ვერ ვხედავ - მხოლოდ საუბრების დონეზეა... ქო-ვორქინგ სივრცეები კი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც 2024 წელს იყო“, - განაცხადა ჯინო დოლინმა.




























