„ორი რამე არ მესმის - მე არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში მიღებულ ზომებზე საუბრისას განაცხადა.
"არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის გაუგებარი, გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება მოსალოდნელი იყო. არ ვიცი, ხელისუფლებას უკვირს თუ არა. ალბათ, არ უნდა უკვირდეს. იცოდა ალბათ [ხელისუფლებამ], თუნდაც ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვის შემდეგ, რომელიც აგვირგვინებს ყველა იმ ნაბიჯებს, რომელიც მანამდე იყო მიღებული. ეს უკვე არის შეკრული კონცეფცია. ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში, შენ ასე ექცევი და გგონია იმას რეაგირებაც არ ექნება?
ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამას ვეტყვი რამდენიმე დღეში სენატორ შაჰინს. ორი რამე არ მესმის. მე არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული - ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. არ შეიძლება, რომ დაისაჯოს ქართული ჯარი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ის, მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ასე რომ, ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს 95 მლნ აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს.
"დახმარების შეჩერების შესახებ შეტყობინება არ მოსულა" - საქართველოს მთავრობა