აშშ-მ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარის დახმარება შეუჩერა. არც განცხადების გაკეთების მომენტში და არც შემდეგ, არ დაკონკრეტებულა, ვინ იყო დახმარების ბენეფიციარი, ან ვის შეეხო შეჩერების გადაწყვეტილება.
მედიაში ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახმარება შეუჩერდა ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ეროვნულ ცენტრს.
bm.ge-მ ფაქტის შესაბამის გადამოწმება უწყებებში სცადა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დახმარების შეჩერების შესახებ შეტყობინება არ მოსულა.
"არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზე] არის ლაპარაკი”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ შეკითხვას. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად – თუ კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი – იმნაძე აღნიშნავს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის”.
ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც ფაქტს არკვევენ, კითხვაზე პასუხს ამ დრომდე ველოდებით. ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს არც მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
ამის შემდეგ, bm.ge საქართველოში აშშ-ს საელჩოსაც დაუკავშირდა, კონკრეტული კითხვებით, ვის შეუჩერდა დახმარება აშშ-ს მხრიდან, არის თუ არა მათ შორის NCDC და ლუგარის ლაბორატორია.
საელჩოში დახმარების შეჩერების მიზეზებს ხსნიან, თუმცა, ვის შეუჩერდა დახმარება, არ აკონკრეტებენ.
" 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყოვლისმომცველად მიმოიხილა. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს მთავრობას. ეს განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერებისა და მმართველი პარტიის წევრების ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და ცრუ განცხადებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის ნორმებთან და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო.
ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებსა და განვითარების პროგრამების კომპონენტებს, რომლებიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს მთავრობას. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამებს, რომელიც უშუალოდ მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, მათ შორის სტუდენტებს, მცირე ბიზნესის მფლობელებს, ფერმერებს, სოფლის თემებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალიზებულ თემებს და დამოუკიდებელ მედიას" - წერია საელჩოს მიერ bm.ge-სთვის გამოგზავნილ პასუხში.