მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები (18-19 თებერვალი)

63f240367ac97
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.23 20:05
2446
სტატიაში საუბარია:
გთავაზობთ გასული კვირის (13.02-19.02) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:

1) სებ-ის ახალი კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის - IMF

“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

IMF-ის მისია საქართველოში 13-17 თებერვლის მონაკვეთში იმყოფებოდა. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. უფრო ვრცლად, იხილეთ ბმული.


2) საქართველომ Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.

საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯერჯერობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან რომლის აღსრულება მოუწევს საქართველოს, რადგანაც არსებული განმარტებით ორივე დავის კომპენსაცია არ იკრიბება.

Inter Rao-სთან დავის საგანს სატარიფო გაუგებრობა წარმოადგენდა. ინვესტორის არგუმენტი იყო ის, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების და საინვესტიციო მემორანდუმის პირობები დაარღვია, რითაც მას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა. იხილეთ უფრო ვრცლად.


3) 2022 წელს ქართულ ბანკებში რუსეთის 110 000-მდე რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში - სებ-ი

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. ინფორმაცია აღნიშნულია ეროვნული ბანკის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში. ამასთან, ყველაზე მეტი თითქმის 28 ათასი ანგარიში გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


4) იანვარში რუსეთიდან საქართველოში $268 მილიონი გადმორიცხეს

იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 445 მილიონი დოლარი გადმორიცხეს რაც წინა წელთან შედარებით 163%-ით მეტია. კვლავინდებურად ყველაზე მეტი 268 მილიონი დოლარი რუსეთიდან შემოვიდა, რაც წლიურად 1100%-ით არის გაზრდილი. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


5) 2022 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა

2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 18.6%-ია, - ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.


6) საპენსიო ფონდის ზომამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ თებერვლის მდგომარეობით საპენსიო ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მისი მიხედვით, ამჟამად საპენსიო ფონდის ზომა 3.09 მილიარდი ლარია, ეს თანხა 1.3 მილიონი დასაქმებულის პირად საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. საპენსიო სააგენტოს თანახმად, აქედან 479 მილიონი დარიცხული სარგებელი, ხოლო ძირი 2.61 მილიარდ ლარს შეადგენდა.


7) საქართველოში აშშ-ის ელჩის შემცვლელის კანდიდატურა ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ინფორმაციისთვის, რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. მანამდე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.


8) რისთვის გადაუხადა Credit Suisse-მა ივანიშვილს $210 მილიონი? - განმარტება

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში სამი ქვეყნის - შვეიცარიის, სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოში არის ჩართული. 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ მის სასარგებლოდ ბანკს 607 მილიონი დოლარის გადახდა დაავალდებულა. სინგაპურში მიმდინარე დავის საგანს კი 800 მილიონი დოლარი წარმოადგენს. თუმცა, როგორც ცნობილია Credit Suisse-მა ბერმუდის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით BMG ბიძინა ივანიშვილის იურისტს, MKD Law-ის იურისტს, სანდრო სამადბეგიშვილს ესაუბრა. უფრო ვრცლად იხილეთ სტატიაში.


9) ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასი შესაბამისად 7.25%-ით; 6.18%-ით და 7.85%-ით გაიზარდა. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


10) თემურ ჭყონია: ჰესების მშენებლობის საკითხზე მთავრობა პრინციპული უნდა იყოს

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა პრინციპული უნდა იყოს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. უფრო ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები