მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარმატების გასაღები იქნება - მოსაზრება

ნინო მირზიკაშვილი

სამედიცინო განათლების რეფორმა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჯანდაცვის ექსპერტ ნინო მირზიკაშვილის რეკომენდაციაა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ამ რეფორმების გატარება შეძლოს.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, რეფორმების განხორციელებას, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება სჭირდება და რადგან მიხეილ სარჯველაძე მმართველი ძალის პოლიტიკური გუნდის წევრია, შესაძლოა, მას ეს ფაქტი რეფორმების გატარებაშიც დაეხმაროს.

"ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარმატების გასაღები სამედიცინო განათლების რეფორმაშია“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ დარგის განვითარება კვალიფიციური ექიმების და ექთნების გარეშე, შეუძლებელია.

"სამწუხაროდ, განათლების რეფორმა ამ ქვეყანაში ძალიან არაპოპულარულია, მათ შორის, სამედიცინო განათლების, რადგან ეფექტი 5-10 წლის შემდეგ მოდის და პოლიტიკურ ციკლში ვერასდროს ჯდება; კვალიფიციური ექთნების და ექიმების მიღებას წლები სჭირდება, შესაბამისად, არცერთი მინისტრისთვის განათლების რეფორმა პრიორიტეტული არაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს უნდა გაკეთდეს. საექთნო განათლების რეფორმის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ უფრო ამბიციური რეფორმებია საჭირო - ხელი უნდა შეეწყოს ექთნების განათლებას საბაკალავრო პროგრამების დონეზე და ასევე, ექიმების უწყვეტ, პროფესიულ განვითარებას, რათა მათ თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს უპასუხონ და დარგი კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანური რესურსით მომარაგდეს. განვითარების ადამიანური რესურსის გარეშე, ყველა სხვა რეფორმა არამდგრადი იქნება“, - აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.მეორე რეფორმა, რომლის გატარებასაც ჯანდაცვის ექსპერტი ახალი მინისტრს ურჩევს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაა.

„პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის სისტემის საფუძველი და მისი გაძლიერების გარეშე, რთული იქნება ნებისმიერი დანახარჯის შემცირება; დღეს დაფინანსების უმეტესი წილი ჰოსპიტალურ სექტორზე მოდის - პაციენტის მოვლა, რეაბილიტაცია - პრაქტიკულად, ყველაფერი, ჰოსპიტალში ხდება; ეს ძალიან ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს, ამიტომაც პროფილაქტიკური სკრინინგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პაციენტს ადრეულ სტადიაზე ვუმკურნალოთ, რაც ხარჯებსაც დაზოგავს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წარმატების საფუძველიც არის ადამიანური რესურსი - როგორც ვიცით, ოჯახის ექიმები ერთ-ერთი ყველაზე დაბერებადი პროფესიაა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სოფლის ექიმების საშუალო ასაკია 65-70 წელია“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

ჯანდაცვის ექსპერტი ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს წარმატებებს უსურვებს.

„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა ყველა სექტორი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აერთიანებს. ბევრი რეფორმა მიმდინარეობს, რომელთაც გაგრძელება სჭირდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მინისტრის ხედვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ჯანდაცვის სტრატეგია, რომელიც 2023 – 2030 წლების პერიოდს მოიცავს. უნდა მივყვეთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ დოკუმენტშია დეკლარირებული. ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია რეფორმების უწყვეტობა, რადგან სწრაფი ცვლილებები ჯანდაცვის სისტემას აზიანებს“, - აღნიშნა ნინო მირიზკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები