მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორი რობოტი ძაღლის და ორი ჰუმანოიდი რობოტის შეძენაზე ტექნოპარკი 711,000 ლარს დახარჯავს

რობოტი ძაღლი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანია ქუთაისის ტექნოპარკისთვის მაღალტექნოლოგიური რობოტული მოწყობილობების შეძენა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 711,800 ლარს შეადგენს და მოიცავს ჰუმანოიდ რობოტებს, რობოტ ძაღლებსა და სხვადასხვა ტიპის რობოტულ მკლავებს.

რა ტიპის მოწყობილობებია შესაძენი

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, მოწოდებული უნდა იყოს შემდეგი მოწყობილობები:

  • 2 ერთეული ჰუმანოიდი რობოტი – აღჭურვილია 8-ბირთვიანი CPU-თი, სიღრმის კამერით, 3D ლაზერული რადარითა და NVIDIA Jetson Orin-ის გამოთვლითი მოდულით. არაუმეტეს 35 კგ;
  • 2 ერთეული რობოტი ძაღლი – მოძრაობის ფართო სპექტრით, ემოციების იმიტაციის შესაძლებლობით, რეალურ დროში ხმის ამოცნობითა და 4G კავშირის მოდულით. არაუმეტეს 15 კგ;
  • 2 ერთეული სერვო მკლავი – მცირე ტვირთამწეობით, WiFi-კავშირით და ოთხფეხა რობოტთან თავსებადობით.
  • 4 ერთეული რობოტული მკლავი, ორი განსხვავებული მოდელის: ერთის ტვირთამწეობა 3–5 კგ, მეორის – მხოლოდ 300 გრამი. ორივე სისტემას აქვს მაღალი სიზუსტე და დამატებითი სენსორები, როგორიცაა შეჯახების დეტექცია, პოზიციის სენსორი და სხვა.

მიწოდების პირობები და დამატებითი მოთხოვნები

მოწყობილობების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში, ქუთაისში ან თბილისში. ყველა მოწყობილობას უნდა მოჰყვებოდეს:

  • სრული ტექნიკური დოკუმენტაცია და სახელმძღვანელო;
  • ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა და SDK/API;
  • მინიმუმ 6 თვიანი ტექნიკური მხარდაჭერა და 1-დღიანი ტრენინგი ადგილზე ან დისტანციურად.

შესყიდვის სპეციფიკა

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ ერთი მსგავსი სირთულის და ტექნოლოგიური კომპლექსურობის მქონე პროექტი. ეს შეიძლება მოიცავდეს რობოტულ სისტემებს, ლაბორატორიულ მოწყობილობებს, სამედიცინო ან ინდუსტრიულ ტექნიკას და სხვა კომპლექსურ ტექნოლოგიებს.

ფინანსური პირობები და გარანტიები

შემსყიდველმა შესაძლოა გადასცეს ავანსი ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ფარგლებში, თუმცა ეს მოითხოვს წინასწარი გადახდის იდენტური ოდენობის უპირობო, გამოუხმობადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები