დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭო გაიმართა, რომელსაც როგორც მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლობა ესწრებოდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ცნობით, ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოზე ორი საკითხი დააყენა.
“პირველი საკითხი შეეხება კანონს მეწარმეთა შესახებ, რომელიც 2022 წელს იქნა მიღებული. ის საკმაოდ კარგად მუშაობს და ფუნქციონირებს, თუმცა საკმაოდ მსხვილი რეფორმაც იყო და, როდესაც გარკვეული პერიოდი გადის, პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება დგება.
დღეს ჩვენ დავაყენეთ 5-6 ცვლილების საკითხი და პრემიერ მინისტრისა და მინისტრებისგან მივიღეთ დაპირება, რომ ამაზე ვიმუშავებთ. იგივე საკითხი პარლამენტშიც გვაქვს დაყენებული და დარწმუნებული ვარ, ის ბოლომდე მივა და დადებითად გადაწყდება”, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
ცნობისთვის, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული კანონი “მეწარმეთა შესახებ” სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს აწესრიგებს.
რაც შეეხება BAG-ის მიერ დაყენებულ მეორე საკითხს, სოსო ფხაკაძის განმარტებით, ის გარემოსდაცვით საკითხებს ეხება.
“მეორე საკითხი ეხება გარემოს დაცვის, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების საკითხებს. ეს სისტემა დანერგილია, ფუნქციონირებს, თუმცა გარკვეული პრაგმატული, პრაქტიკული შენიშვნები გვქონდა მასთან დაკავშირებით და ამაზეც მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ მიერ განხილული საკითხები ბოლომდე მივა”, - ამბობს სოსო ფხაკაძე.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების მართვის მოდელია, რომელიც მწარმოებლის საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობას მოიცავს. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები საქართველოში 2022 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.