მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღემდე [საწვავის] იმ მარაგებით ვსარგებლობთ, რომელიც ომამდე დავაგროვეთ - სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, დღემდე მათი ბრენდის გასამართი სადგურები ახლო აღმოსავლეთში ომამდე დაგროვებულ მარაგებს იყენებენ. ის განმარტავს, რომ სწორედ ამ მარაგების დახმარებით მათ ქსელში ფასი ისე არ გაძვირებულა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ - როგორია საწვავის ფასთან დაკავშირებული პროგნოზები, სოსო ფხაკაძე ახლო აღმოსავლეთში ომის მალე დასრულების იმედს იტოვებს, რაც ნავთობპროდუქტების და შესაბამისად საწვავის ფასს შეამცირებს.

„დღემდე ვსარგებლობთ იმ მარაგებით, რომელიც [ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე] ომამდე დავაგროვეთ. ეს მარაგები რომ არ გვქონოდა, ნავთობპროდუქტებზე ფასები გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლა საქართველოშია. ამაში დარწმუნებისთვის ელემენტარული კალკულაციის გაკეთებაა საჭირო. მეორე საკითხია, რა იქნება ხვალ ბაზარზე - თუ ომი მალე დამთავრდება, ბაზარი დასტაბილურდება, თორემ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ერთ დღეს იმატებს ფასები, მეორე დღეს შეიძლება პირიქით მოხდეს. გვქონდეს იმედი, რომ ომი დასრულდება და ეს დასრულება კი ავტომატურად გამოიწვევს ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ანუ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ამბობდა, რომ ქვეყანაში მარტში ეკონომიკურმა აქტივობამ იკლო და კომპანიების მხრიდან საწვავზე, ძირითადად, დიზელზე მოთხოვნა და შესაბამისად გაყიდვები შემცირდა. ამ გარემოებამ კი მათი საწვავის მარაგების ხანგრძლივობა გაზარდა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ბენზინის და დიზელის ფასი იმაზე ნაკლებად გაეზარდა, ვიდრე ეს შეიძლებოდა.

მისი ინფორმაციით, იმ პერიოდისთვის კომპანიის საწვავის მარაგების ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგებული იყო და ისინი „დაბალი ფასის“ შენარჩუნებას ამგვარად ახერხებენ. „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებდა, რომ მათი გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები იმაზე ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე შეიძლება გაძვირებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელ-ირანს შორის ომი 28 თებერვალს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები