საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა 54.9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც 300 ცალი სატვირთო ვაგონის შესყიდვა უნდა მოხდეს. ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2023 წელს უნდა იყოს წარმოებული. ერთი ვაგონის სატენდერო ღირებულება 183,000 ლარი იქნება.
“ვაგონი და მისი ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის საბუქსე კვანძებიანი წყვილთვლები, ავტოსაბმელები, შთანმთქმელი აპარატები ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, დამზადებული არაუადრეს 2023 წელს. ვაგონი აშენებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში. ვაგონის
გეგმიური რემონტის პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს რკინიგზების ცენტრალური საბჭოს 2012 წლის 16-17 ოქტომბრის №57 ოქმით დამტკიცებულ ,,საერთაშორისო მიმოსვლაში რკინიგზის საერთო სარგებლობის ლიანდაგზე დაშვებული სატვირთო ვაგონების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის შესახებ დებულებით" გათვალისწინებულ პერიოდულობას, როგორც კალენდარული ნორმატივით, ისე გარბენით (კომბინირებული კრიტერიუმით),”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სატენდერო განაცხადის აღწერა ქართულ და ინგლისურთან ერთად რუსულადაც არის წარმოდგენილი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში/в течение 100 календарных дней со дня заключения договора/within 100 calendar days from the signing of the contract”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ თავდაპირველად აგვისტოს ბოლოსაც გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს "უნი-2"-მა და შპს "საქართველოს შპალსაჟღენთმა ქარხანამ" მიიღეს. თუმცა, სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
შემდგომი ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდა, მასში მონაწილეობა კვლავ მიიღო კომპანია "უნი-2"-მა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას ისევ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 11 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.