მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის მიერ 300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გამოცხადებული მესამე ტენდერიც ჩაიშალა

მატარებელი რკინიგზა

300 სატვირთო ვაგონის შესყიდვის მიზნით, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული 54.9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მესამედაც არ შედგა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზეა ასახული.

გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 11 იანვარს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ტენდერის ჩაშლის მიზეზი შეთავაზებების არარსებობა გახდა.

BMG დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ტენდერის ხელახლა გამოცხადება. როგორც რკინიგზაში განმარტავენ, სატვირთო ვაგონების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავენ.

„300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გასულ წელს გამოცხადებული ტენდერის მესამედაც არშედგომის საფუძველი გახლავთ ის გარემოება, რომ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზა მიმართავს ყველა საჭირო ღონისძიებას იმისათვის, რომ სატვირთო ვაგონების დეფიციტის აღმოსაფხვრელად გამონახოს ოპტიმალური გადაწყვეტილება“,- უთხრეს BMG-ს საქართველოს რკინიგზაში.

ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ თავდაპირველად 2023 წლის აგვისტოს ბოლოსაც გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს "უნი-2"-მა და შპს "საქართველოს შპალსაჟღენთმა ქარხანამ" მიიღეს. თუმცა, სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შემდგომი ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდა, მასში მონაწილეობა კვლავ მიიღო კომპანია "უნი-2"-მა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას ისევ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები