„ჩირინას“ დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, კომპანიას ორჯერ მეტი ქათმის ხორცის წარმოება შეუძლია, ვიდრე ახლა აწარმოებს, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების სრულად ათვისებას გარკვეული გარემოებები ხელს უშლის. კომპანიის დირექტორი #რედაქტ2-ში სტუმრობისას აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იმპორტირებულ ქათმის ხორცპროდუქტებს მოიხმარენ, რაც ადგილობრივ წარმოებას აფერხებს.
„მთავრობის მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას ველოდებოდი. ჩვენ ორჯერ მეტი ხორცის წარმოება შეგვიძლია, ვიდრე ახლა იწარმოება. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას - თქვენი აზრით, სახელმწიფო სტრუქტურები ვის ქათამს ყიდულობენ, ვთქვათ, ჯარისთვის? - ძირითადად იმპორტირებულს. თურქეთიდან ქათმის ხორცი ან მისი ნაწილები, რომ შემოვიტანოთ, იმპორტის გადასახადი არ აქვს, მაგრამ თუ ჩვენ მოგვინდება თურქეთში ხორცის გატანა ერთ კილოგრამზე 1 დოლარი უნდა გადავიხადოთ. ეს ვითარება შემაფერხებელია. სახელმწიფო სტრუქტურები იმპორტირებულ პროდუქტს იყენებენ, რაც წარმოების დამატებით გაფართოებას ნაწილობრივ აფერხებს. მე მხოლოდ „ბიუ-ბიუს“ წარმოებაზე არ ვსაუბრობ, ქვეყანაში სხვა ბევრი ადგილობრივი წარმოებაცაა და აღნიშნული საკითხს მოგვარება მათთვისაც მასტიმულირებელი იქნებოდა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სტრუქტურა ქათმის ხორცს ადგილობრივი წარმოებისგან იყიდის, მწარმოებელი იყიდის ადგილობრივად ასევე მარცვლეულს და იკვრება წრე“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის კუთხით აუცილებელია სახელმწიფოს მეტი ჩართულობა: „ამის მოსაგვარებლად საჭიროა მაგალითად დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო სტრუქტურებს ადგილობრივი პროდუქტის შეძენას დაავალდებულებს“ - აცხადებს ვაშაკიძე და იმპორტირებული პროდუქტების სასურსათო უვნებლობის საკითხებზეც საუბრობს: „საქართველოში შემოსული ქათმის ხორცპროდუქტების დიდი ნაწილი დაშვებულზე მეტ წყალს შეიცავს ან ვადებია დარღვეული. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება მაგალითად მეფრინველეობის, მემცენარეობის ან მარცვლეულის მიმართულების განვითარებისთვის“.