ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სერბეთთან ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციას. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.
წელს საქართველოდან სერბეთში ექსპორტი 57%-ით შემცირდა - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირი?
მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მზარდ დინამიკაზე, ასევე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“. საქართველო მზად არის, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციალს და აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა ამ ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სექტორული მიმართულებით, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.
„საქართველო პოზიციონირებს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ავითარებს ადამიანურ კაპიტალს, აუმჯობესებს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ახდენს მეტი ბიზნესის ინტეგრირებას გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგებში არსებულ პოტენციალზე.
„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ დიალოგი, გავცვალოთ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ სტაბილურ, გამჭვირვალე ენერგეტიკულ ჩარჩოს, ევროპული პრინციპების შესაბამისად. ამ პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ამაღლებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ორივე ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას. ამავე კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირდაპირ დაკავშირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელით. ამ პროექტის იმპლემენტაციის შედეგად, ევროპა შეძლებს დაუკავშირდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის გახსნით სიტყვაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.




























