PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, მიმდინარე წლის 8 თვეში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პოზიტიური მოვლენაა, თუმცა მის მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდაზე რამდენიმე სექტორს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორისაა, მშენებლობა, უძრავი ქონება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებო დარგი მშენებლობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სფეროებია, სადაც მოთხოვნის შემცირება ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზეც.
„გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლიურ ჭრილში ორნიშნა მაჩვენებელს მივაღწიეთ, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. როცა განმაპირობებელ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ვნახავთ, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ოთხი ძირითადი სექტორია. ესაა მშენებლობა და უძრავი ქონების მენეჯმენტი, რომელიც დაკავშირებული სფეროებია, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ვაჭრობა. ამ ჭრილში თუ შევხედავთ ზრდის მდგრადობას, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის რისკები არსებობს. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ მშენებლობის და ზოგადად უძრავი ქონების მართვის სფეროში ზრდას თავისთავად ახალისებს მშენებლობის პროცესი, ის ბრუნვები, რომელსაც სამშენებლო, დეველოპერული კომპანიები აგენერირებენ. მაგრამ ეს სფერო განსაკუთრებით მოწყვლადია მოთხოვნის შემცირების მიმართ, თუკი მოთხოვნა შემცირდება და აშენებული უძრავი ქონების გაყიდვა გართულდება. შესაბამისად, განსაკუთრებით სიფრთხილით შევხედავდი მშენებლობის და უძრავი ქონების სფეროს. ჩვენ ვიცით, რომ მაღალი მოთხოვნა თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ესაა უცხოელების და ემიგრანტების მხრიდან მაღალი მოთხოვნა. თუკი მათი მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, ეს უკვე აისახება ამ სექტორების მდგრად ზრდაზე და შესაბამისად, შემდეგ უკვე ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო რვა თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10% შეადგინა.