PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ტემპის შენელება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, ფასების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სავარაუდოდ, მოსახლეობაში მოხმარების შედარებით კლებაა, რისი მიზეზიც თავის მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდია. მისი განცხადებით, მოსახლეობის მიერ დანახარჯების ტემპის კლება ბიზნესს უბიძგებს, რომ ფასები სტაბილურად შეინარჩუნოს.
გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინფლაციის ტემპი დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, სტაბილური ლარის კურსია.
„ერთი შეხედვით ცოტა უცნაური ვითარება გვაქვს, რადგან თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზეა და კლების ტენდენციაც გვაქვს. ეკონომიკაში რისკები არსებობს, ეს ძირითადად პოლიტიკური რისკებია, მნიშვნელოვანი არჩევნებია წინ და მათ შორის ეს ფაქტორიც ხნის იმას, რომ მოხმარების ნაწილში მოსახლეობა შედარებით თავდაჭერილია და მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ბაზარს შესაძლებლობას არ აძლევს ფასების უფრო მაღალი ზრდის. მეორე ახსნა ისაა, რომ გარკვეული ტურბულენტობის შემდეგ, გაცვლითი კურსის ნიშნულის შენარჩუნება მოხერხდა. ჩვენ ვიცით, რომ კორელაცია ლარის კურსსა და ფასებს შორის მაღალია და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ფასების მატებამ არ მიიღო დიდი მასშტაბი“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, ზედიზედ მესამე თვეა საქართველოში თვიურ ჭრილში დეფლაცია ფიქსირდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1% შეადგინა. შენელებულია წლიური ინფლაციის ტემპიც და აგვისტოში წლიურ ჭრილში ჯამურად ფასები 1%-ით იყო გაზრდილი.