მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გამოეყოს თუ არა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო მიმართულება? - მოსაზრება

აწარმოე
გიგა ბენია
14.03.24 21:00
1520
სტატიაში საუბარია:

"საინვესტიციო საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ამ სააგენტოს ფუნქციების გაფართოებას ან ცალკე ორგანოს შექმნას ვისურვებდი", - განცხადება ამის შესახებ Kudos Georgia-ს პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მისამართით გააკეთა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, სააგენტო ბევრ პროექტს ასრულებს, თუმცა მას საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია აკლია.

"ალბათ, უკეთესი იქნება, რომ საინვესტიციო საქმიანობას ქვეყანაში ცალკე მდგომი ორგანო წარმართავდეს. რთულია, როცა ერთ სივრცეში ორ დიდი მიმართულება: ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა მოქცეული. საინვესტიციო საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ამ სააგენტოს ფუნქციების გაფართოებას ან ცალკე ორგანოს შექმნას ვისურვებდი, როგორც ადრე იყო. ერთ სივრცეში ორი მიმართულებაა გაერთიანებული და წინა პლანზე, როგორც მთავარი მიმართულება [ინვესტიციების მოზიდვა] წამოწეული არ არის. ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია გვაკლია", - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

Kudos Georgia-ს პარტნიორის პოზიციას PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი იზიარებს. როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გასაზრდელად, ახალი სააგენტოს შექმნა სწორი იქნება.

"იმის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რამდენად მნიშვნელოვანია, ამ მიმართულების გაძლიერება და შესაძლო პრიორიტეტიზაცია, თუნდაც ახალი მცირე სააგენტოს შექმნით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ის პროგრამები, რაც ხორციელდება, პრინციპში, სწორია, მაგრამ, პრინციპში არასაკმარისია და პრინციპში ღირს დაფიქრება, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა უფრო პრიორიტეტული გახდეს", - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

სააგენტოს ორად გაყოფის იდეას ალოგიკურს უწოდებს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი. მიხეილ ხიდურელი BMG-ის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ განცალკევებული მიმართულებები ეფექტიან შედეგს ვერ მოიტანს.

"რაღაცის შეცვლის ლოგიკა ყოველთვის უკეთესის შექმნაა, მაგრამ გაყოფა რატომ იქნებოდა უკეთესი, ვერ ვხვდები. მესმის, ერთად რომ არის, რატომ არის კარგი. კარგია იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, ეკონომიკა არ არის განცალკევებული თემა. ინვესტიციები, ექსპორტი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. ის ინვესტორები, რომლებიც შემოგვყავს, ქვეყნიდან ექსპორტს ახორციელებენ. შესაბამისად, ერთ სააგენტოში, გვერდიგვერდ დეპარტამენტში, ერთი გუნდი, როდესაც ორივე თემაზე მუშაობს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის განცხადებით, სააგენტომ 2020-2023 წლებში იმაზე მეტი ინვესტორი შემოიყვანა, ვიდრე სტრატეგიით იყო გათვალისწინებული.

"იცით, რომ ჩვენ კონკრეტული სტრატეგია გვაქვს. წინა სტრატეგია უკვე შევასრულეთ. სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში 15-დან 20-მდე ინვესტორი უნდა შემოგვეყვანა, რომელიც 4000-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნიდა. დაახლოებით 250 მლნ. დოლარის ინვესტიცია უნდა შემოგვეტანა. გეგმას გადავაჭარბეთ, დაახლოებით მილიარდ ლარამდე ინვესტიცია მოვიზიდეთ. ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობთ", - თქვა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები