მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ო'სალივანის თქმით, მესამე ქვეყნებს EU-ს სანქციების დაცვის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა მიღებული ზომები ეფექტიანია

დევიდ ოსალივანი

უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლურ შეზღუდვებს რუსეთის ეკონომიკაზე "მნიშვნელოვანი გავლენა" აქვს.

როგორც მან აღნიშნა, სანქციები "ჯადოსნური ჯოხი" არ არის და მათთვის გვერდის ავლის მცდელობები ყოველთვის იარსებებს, თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ ოთხი წლის თავზე დარწმუნებულია მათ ეფექტიანობაში.

"საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს ყველაფერი არამდგრადი გახდება, რადგან რუსეთის ეკონომიკა სამოქალაქო სექტორის ხარჯზე სამხედრო ეკონომიკის გაძლიერებით მეტისმეტად დამახინჯდა. ვფიქრობ, ეკონომიკური გრავიტაციის კანონების უგულებელყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება", - განუცხადა მან The Guardian-ს.

მისი თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა აცნობეს, რომ გასულ თვეში რუსეთმა 2025 წლის იანვართან შედარებით ორჯერ მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. თუმცა, ვლადიმერ პუტინის ომის მანქანას ზოგადი ეკონომიკისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია; კერძოდ, მიიჩნევა, რომ ეკონომიკა ომის პირველი დღეების შემდეგ ყველაზე დიდი წნეხის ქვეშაა: ნავთობიდან მიღებული შემოსავლები მცირდება, ინფლაცია დაახლოებით 6%-ია, საპროცენტო განაკვეთები კი - 16%.

დევიდ ო’სალივანი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა. მისი მანდატი სანქციებისთვის გვერდის ავლისა და თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ძალიან ფრთხილობს", როდესაც საქმე მესამე ქვეყნის ევროკავშირის სურვილების შეუსრულებლობაში დადანაშაულებას ეხება. როგორც მან აღნიშნა, "მსოფლიოში არცერთ [ევროკავშირის არაწევრ] ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენი სანქციების რეჟიმი". თუმცა მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ცდილობს, დაარწმუნოს სხვა სახელმწიფოები, არ დაუშვან ევროპული საქონლის რუსეთში გადაყიდვა, განსაკუთრებით ისეთი კომპონენტების, რომლებიც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

ო’სალივანის თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია იარაღისთვის საჭირო კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და, მცირე დოზით, მალაიზიის გავლით. მისი განმარტებით, სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების უმეტესობა არა მთავრობების მიერაა ორკესტრირებული, არამედ "ეკონომიკური ოპერატორების დამსახურებაა, რომლებიც ეკონომიკურ შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ".

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს სანქციების უპრეცედენტო, 19 პაკეტი დაუწესა. შეზღუდვები შეეხო 2 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე შეჩერდა ვაჭრობა ეკონომიკის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, IT, ფუფუნებისა და სამომხმარებლო საგნები, ბრილიანტები და ოქრო.

ასევე, ო'სალივანის განცხადებით, ევროკავშირმა წარმატებით მიიღო ზომები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დაძველებული ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც გაურკვეველი მფლობელობის ქვეშ არიან და რუსული ნავთობის გადატანას ახდენენ ჩინეთისა და ინდოეთის საექსპორტო ბაზრებზე. დეკემბრის მონაცემებით, ევროკავშირის სანქციების ქვეშ თითქმის 600 გემი იმყოფებოდა.

ოფიციალური უწყებების ცნობით, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან, რომლებიც ეკონომიკის სასიცოცხლო წყაროა, იანვარში განახევრდა და 2020 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები