23 აპრილის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ აზერბაიჯანთან დაკავშირებულ რამდენიმე გემს დაწესებული სანქციები მოუხსნა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია AzerNEWS იუწყება.
გადაწყვეტილება ხსნის შეზღუდვებს "აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს" (ASCO) მფლობელობაში არსებულ გემ Zaqatala-ზე, ასევე ASCO-სა და SOCAR-ის ერთობლივი საწარმოს კუთვნილ გემებზე: Shusha, Karabakh, Khankendi და Zangazur.
აღნიშნული გემები ევროკავშირის სანქციების სიიდან უკვე ამოღებულია.
"ASCO-ს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული დიპლომატიური და სამართლებრივი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც ჩართულნი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ASCO და SOCAR იყვნენ.
ხსენებული გემები მესამე პირებზე გრძელვადიანი ჩარტერული ხელშეკრულებებით იყო გაქირავებული. ASCO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ოპერაციები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო რეგულაციებს, მათ შორის სანქციების რეჟიმებს. შეზღუდვების მოხსნა კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ობიექტური მიდგომის შედეგად ფასდება.
როგორც საერთაშორისო საზღვაო გადამზიდავმა ოპერატორმა, ASCO-მ განაცხადა, რომ კვლავაც მკაცრად დაიცავს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და გლობალურ სანქციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს", - ვკითხულობთ AzerNEWS-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.




























