მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა მგზავრთა უფლებების დასაცავად წესები გაამკაცრა

eu

ევროპარლამენტარებმა საბოლოო მწვანე შუქი აუნთეს რეგულაციას, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის ყველა სახეობაში მგზავრთა უფლებების დაცვას აძლიერებს. დოკუმენტი თანხის დაბრუნების მკაფიო ვადებს აწესებს და გადადებული ან გაუქმებული რეისებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურას ამარტივებს.

ახალი წესები ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთა დაცვას აძლიერებს და ეროვნულ მარეგულირებლებს გადამზიდველების შემოწმების მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. კანონმდებლებმა დოკუმენტს მხარი 652 ხმით დაუჭირეს (ორი წინააღმდეგი, რვა თავშეკავებული).

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ტურისტული სააგენტოებისა თუ ონლაინდაჯავშნის პლატფორმების მეშვეობით შეძენილ ბილეთებს ეხება. ავიარეისის გაუქმების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, სრული თანხა - მათ შორის შუამავლის საკომისიო - 14 დღის განმავლობაში დაიბრუნონ.

ავიაკომპანიებს ექნებათ შვიდი დღე, რათა თანხა შუამავალს გადაურიცხონ, რომელსაც, თავის მხრივ, კიდევ შვიდი დღე ექნება მგზავრისთვის თანხის დასაბრუნებლად. გარდა ამისა, შუამავლები ვალდებულნი იქნებიან, მომხმარებლებს თანხის დაბრუნების მოქმედი წესები ბილეთის შეძენისთანავე განუმარტონ.

ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისთვისაც. მათ, ვისაც ფრენისას დამხმარე პირი ესაჭიროებათ, თანმხლები პირის უფასოდ წაყვანა შეეძლებათ. მსგავსი გარანტიები უკვე მოქმედებს მატარებლით, ავტობუსითა და გემით მგზავრობისას.

ევროპარლამენტარი მატეო რიჩი, რომელიც კანონპროექტის მომხსენებელი იყო, აცხადებს, რომ ადამიანებს დამატებითი ბილეთის შეძენა მხოლოდ იმიტომ არ უნდა უწევდეთ, რომ დამოუკიდებლად მგზავრობა არ შეუძლიათ. ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც თანმხლები პირის ყოფნა აუცილებელია, თუმცა პარლამენტის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ როგორ შეაფასებენ ავიაკომპანიები ამ საჭიროებას.

თანხის დაბრუნებისა და ხელმისაწვდომობის გარდა, კანონი მიზნად ისახავს მგზავრთა უფლებების აღსრულების გამარტივებას: "უფლებებს აზრი არ აქვს, თუ მათი რეალიზება შეუძლებელია", - აღნიშნა რიჩიმ.

ეროვნულ მარეგულირებლებს საშუალება ექნებათ, ევროკავშირის წესების შესაძლო დარღვევები მგზავრის საჩივრის შეტანამდეც გამოიძიონ. დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გადამზიდველების აუდიტი, ინსპექტირება და პერსონალის გამოკითხვა ჩაატარონ. ეს მარეგულირებლებს სისტემურ პრობლემებთან ბრძოლის საშუალებას მისცემს, ნაცვლად მხოლოდ ინდივიდუალურ საჩივრებზე რეაგირებისა.

წესები 2027 წლის 23 ოქტომბრიდან ამოქმედდება - იმავე დღეს, როდესაც ძალაში შევა ავიამგზავრთა უფლებების განცალკევებული რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ივლისში მიიღო. მანამდე კი მოგზაურებისთვის მოქმედი წესები უცვლელი რჩება.

ახალი რეგულაციით მგზავრები თანხის დაბრუნების მკაფიო პროცედურებს, გამარტივებულ მოთხოვნებსა და ტრანსპორტზე უკეთეს წვდომას მიიღებენ. თუმცა მთავარი გამოცდა ის იქნება, რამდენად ეფექტურად დანერგავენ ამ მექანიზმებს პრაქტიკაში ავიაკომპანიები, ონლაინპლატფორმები და ეროვნული უწყებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები