მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოსკარების რიგით 97-ე ცერემონიალის შედეგები

ოსკარები 2025

თბილისის დროით 3 მარტს ჰოლივუდის დოლბის თეატრში კინოაკადემიის რიგით 97-ე ცერემონიალი გაიმართა, სადაც ყველაზე პრესტიჟული “ოსკარის” ჯილდო ოცზე მეტ ნომინაციაში გაიცა.

2024 წლის საუკეთესო ფილმად კინოაკადემიამ “ანორა” აღიარა, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე წლის ტენდენცია განაგრძო და კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ფილმი გახდა ($6 მილიონით), რომელმაც წლის საუკეთესო ფილმის წოდება მიიღო. მანამდე 2016 წელს “მთვარის შუქი” $1,5 მილიონით გახდა ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კინო ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. მას შემდეგ ტენდენცია “კოდამ” ($10 მლნ), “პარაზიტმა” ($11 მლნ) და “ნოუმედლენდმა” ($5 მლნ) განაგრძეს. დაბალი ღირებულების სტანდარტი უკანასკნელ წლებში მხოლოდ “ოპენჰაიმერმა” დაარღვია, რომლის გადაღებაც კრისტოფერ ნოლანს $100 მილიონი დაუჯდა.

ამას გარდა, მთლიანობაში “ანორამ” ღონისძიებაზე ყველაზე მეტი, 5 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო სცენარის, მონტაჟის, რეჟისურისა (შონ ბეიკერი) და საუკეთესო ქალი მსახიობის (მიკი მედისონი) როლის შესრულებისთვის.

ბევრს ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ფავორიტად კინო ეკრანებზე დაბრუნებული დემი მური მიაჩნდა, რომელმაც “სუბსტანციაში” შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, რის გამოც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსახიობი“გაიძარცვა”.
თავის მხრივ, მიკი მედისონი კი 25 წლის ასაკში გახდა ქალთა შორის მეცხრე ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი და 2016 წლის ბრი ლარსონის გამარჯვების შემდეგ პირველი ქალი გამარჯვებული, რომლის ასაკიც 30 წელს არ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე წარდგენილი იყო ტრანსგენდერი ქალი კარლა სოფია გასკონი, რომელიც ჯილდოზე ასევე ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდა, სანამ მედიაში მის მიერ წარსულში სოციალურ ქსელ X-ზე დაპოსტილი ქსენოფობიური და რასისტული კომენტარები არ გავრცელდა, რამაც მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა.

წლის საუკეთესო მამაკაცის კატეგორიაში გამარჯვებულად ედრიენ ბროუდი დასახელდა, რომელმაც პირველმა შეძლო პირველხარისხოვანი მამაკაცის როლის შესრულებისთვის უდანაკარგოდ, ორიდან ორივე ნომინაციაში გამარჯვება. წარსულში ბროუდიმ 2003 წელს რომან პოლანსკის ფილმში “პიანისტი” შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი. იმ დროს ედრიენი 29 წლის იყო და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცად ითვლება, რომელმაც მამაკაცის პირველხარისხოვან როლში შეძლო კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოპოვება. სიმბოლური დამთხვევაა ისიც, რომ ორივე ფილმში მსახიობი ებრაელის როლს ასრულებს, თუმცა ერთ შემთხვევაში მეორე მსოფლიოს ომის მიმდინარეობისას, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი დასრულების შემდეგ.

რაც შეეხებათ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლებს, მა­მა­კა­ცებს შორის სა­უ­კე­თე­სოდ კი­რან კალ­კინ­ი დასახელდა ფილ­მისთვის "ნამ­დვი­ლი ტკი­ვი­ლი“, ხოლო ქა­ლთა ნომინაციაში "ოს­კა­რი“ ზოი სალ­და­ნამ მი­ი­ღო მი­უ­ზიკ­ლისთვის "ემი­ლია პე­რე­სი“.

ბოლოს კი, ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის დრამა „ჯერ კიდევ აქ ვარ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები