ამერიკის კინოაკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია ABC-სთან 1976 წელს დადებული შეთანხმება გააუქმოს და საკულტო ღონისძიება, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს უდიდეს სტრიმინგ პლატფორმა Youtube-ზე გადაიტანოს.
გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის საკუთრებაში არსებული პლატფორმა ლიცენზიას 2029 წლიდან მოიპოვებს. რაც შეეხება ABC-ს, მას საშუალება მიეცემა, ჩაატაროს ოსკარის საიუბილეო, მე-100 ღონისძიებაც. ამის შემდეგ ლიცენზია სრულად Youtube-ს გადაეცემა.
როგორც კინოაკადემიაში აცხადებენ, გადაწყვეტილებაზე გავლენა სატელევიზიო ინდუსტრიის პოპულარობის ვარდნამ განაპირობა. შედარებისთვის, თუ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოებას ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მეტი, 19.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, 1990-იან წლებში ABC-ზე გასულ ტრანსლირებას საშუალოდ 50 მილიონი მაყურებელი მუდმივად ჰყავდა. პიკი კი 1998 წელს იყო, როცა პირდაპირ ეთერს 57-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
მნიშვნელოვანი უპირატესობა, რასაც ლიცენზიის Youtube-ისთვის გადაცემა მოიტანს იქნება ის, რომ Youtube-ი პირდაპირ ეთერს მაყურებელს რამდენიმე ენაზე შესთავაზებს, ამასთან, დაამატებს ტიტრებს, რითიც ამერიკის კინოაკადემია გაცილებით ფართო მასებზე გასვლას და მეტი მაყურებლის მოზიდვას შეძლებს.
არსებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ლიცენზია ტრანსლირების უფლებას 2033 წლის ჩათვლით გულისხმობს, თუმცა თუ Youtube-თან დადებული კონტრაქტი შედეგს გამოიღებს, კინოაკადემია პარტნიორობის გაგრძელებას არ გამორიცხავს.




























