მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: წლის ბოლოსთვის დოლართან მიმართებით კურსს 3 ლარის ნიშნულზე ვვარაუდობთ

5ed8d5fd98ddd
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.20 19:27
1308
უკანასკნელი 7 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 14.85 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 10.62 თეთრით გამყარდა. შედეგად, ლარის გაცვლითი კურსი, როგორც ევროსთან, ასევე დოლართან მიმართებით ბოლო 2.5 თვის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გამყარდა.

კითხვაზე თუ რა ნიშნულზე შეიძლება იპოვოს ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან წონასწორობის ახალი წერტილი მომდევნო თვეების განმავლობაში, თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პასუხობს, რომ ეს ნიშნული შესაძლოა მათ მიერ თავდაპირველად პროგნოზირებული 3.1 ლარის ნაცვლად, 3 ლარს შეადგენდეს. ამასთან, ოთარ ნადარია ამბობს, რომ აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ერთ-ერთი წინაპირობა ევროსთან და სხვა ვალუტებთან მიმართებით თავად დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება იყო. სწორედ ამიტომ კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი გამყარება დოლართან აღინიშნება.

“ლარი არ გამყარებულა, სხვა ვალუტებთან მიმართებით, იმდენად რამდენადაც დოლართან. ამის მიზეზი კი არის ის, რომ თავად დოლარმა დათმო პოზიციები. ევრო გამყარდა, ლირა გამყარდა, ასევე რუბლიც გამყარდა.

ზოგადად დოლარის გამყარების პრობლემა არის ის, რომ ერთი როდესაც დოლარი მყარდება, მაშინ ეკონომიკურად აშშ-ში კარგად არის საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, დოლარი მაშინაც მყარდება, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში არის ცუდად საქმე. დოლარს აქვს ერთგვარი ოქროს ფუნქცია. როდესაც დანარჩენ მსოფლიოში პროგნოზები უარესდება, ევროკავშირსა თუ სხვა რეგიონებში, ინვესტორები დოლარისკენ მიდიან.

რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია მოლოდინებიც ფაქტორიც. ჩვენი ბაზარი არის მცირე ზომის, შესაბამისად მცირე ცვლილებამაც შეიძლება მერყეობა გამოიწვიოს. რაც შეეხება პროგნოზს, ისევ და ისევ შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს სხვა ვალუტებიც, სამწუხაროდ პროგნოზში მხოლოდ დოლარი არ არის და ეს თემა მნიშვნელოვანია.

მოკლედ ვიტყვი, რა არის რისკი. ერთი რისკი მე ვთვლი, რომ არის ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ არის ის, რომ იმპორტი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე შემოდინებები და ეს სწრაფ ინდიკატორებშიც გამოჩნდა.

მეორე საკითხი არის, ის რომ ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურობს ლარის პროცენტის შემცირების მიმართულებით, რაც ჩვენ ვთვლით რომ კარგია. რა თქმა უნდა აქ შეიძლება ითქვას, რომ არის რისკი კურსის კუთხით, მაგრამ, ჩვენ ვთვლით რომ არ არის, რადგან ისევ და ისევ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ლარს კი არ მიაწვდის, არამედ დოლარსაც მიაწვდის ბაზარს და ის რეალურად აკეთებს ამას ინტერვენციების სახით. დანარჩენი შემოდინებებისა და გადინებებების კუთხით ეს არის დაბალანსებული. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ინფლაცია, თუ რა ინფლაციას ვუმიზნებთ წლის ბოლოს და რა ინფლაცია იქნება მეტ-ნაკლებად მაინც მისაღები ეროვნული ბანკისთვის. მოგეხსენებათ შარშან იყო მაღალი ინფლაცია და წელსაც მაღალი ინფლაცია იქნება დიდი პრობლემა ეკონომიკისთვის. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია დაახლოებით 5% იქნება.

ამ ფაქტორების გათვალისწინბით არ ველით გაუფასურებას. თუ 2020 წლის ბოლოსთვის დოლართან მიმართებით თავდაპირველად გვქონდა კურსის პროგნოზი 3.1, ახლა იმის გათვალისწინებით, რომ ევრომ წამოიწია და სხვა ვალუტებმა წამოიწია დოლართან მიმართებით, უკვე ამ პროგნოზს 3-მდე ჩამოვწევთ დოლართან მიმართებით.

ერთსაც დავამატებ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მყარმა დოლარმა დათმოს პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე და თუ ეს მოხდება, მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნება 1% და 2%-იანი ცვლილება,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს საქართველოში შემომავალი სავალუტო ნაკადები ტურიზმის, ექსპორტის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და სხვა წყაროების გავლით, $1.8 მილიარდით შემცირდება, რაც თავისმხრივ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის გაუარესებას გამოიწვევს. IMF აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ დისბალანსის აღმოფხვრას დონორებისგან მობილიზებული სახსრებით დააბალანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები