მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოტიას ეზო" კოტეჯებში სტუმრებს აპრილიდან მიიღებს

ოტიას ეზო

წყალტუბოში მდებარე აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზო“ კოტეჯებში სტუმრების მიღებას აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპლექსში ორი სამადგილიანი კოტეჯია განთავსებული, დამატებითი კოტეჯების აშენება კი ახლო პერიოდში არ იგეგმება.

„ორი სამადგილიანი კოტეჯი უკვე მზად არის, თუმცა ახლა ადმინისტრაციული შენობა ავაშენეთ და მთელი ყურადღება და ფინანსები ამ პროექტზე გადავიტანეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მეტი კოტეჯის დამატება არ იგეგმება. არსებული კოტეჯები სეზონის დადგომისთანავე ამუშავდება. ორი კოტეჯის მოწყობაში, ჯამში, დაახლოებით 120 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება ფასებს, დამფუძნებლის განმარტებით, განთავსების ღირებულება ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის და საწყის ეტაპზე, სატესტო ტარიფები იმოქმედებს.

"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე "ოტიას ეზო" ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი, ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებს. რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ, 550 მლ, 750მლ) ჩამოსხმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები