წყალტუბოში მდებარე, აგროტურისტულმა ობიექტმა „ოტიას ეზომ“ ვაშლის ღვინის, „სიდრის“ წარმოება გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვაშლის ღვინის მოცულობების ზრდის მიზეზი, ყურძნის მოსავლის შემცირებული და ვაშლის მოსავლის გაზრდილი რაოდენობა გახდა.
„წინა წლებში, თუ 300 კილოგრამზე მეტ ვაშლს არ ვწურავდით, 2023 წელს 1.5 ტონა ვაშლის მოსავალი დავწურეთ. „სიდრის“ რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ ჩვენს ობიექტში, ქუთაისში, წყალტუბოსა და თბილისის რამდენიმე მაღაზიაში ხდება.
ჩვენდა გასაკვირად, ვაშლის ღვინოზე მოთხოვნა იმდენაც დიდია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ ავუდივართ. ამასთან აღსანიშნავია, რომ „სიდრი“ ქართველ მომხმარებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იმისდა მიუხედავად, რომ მოთხოვნა საექსპორტო ბაზრების მხრიდან ისეთი ქვეყნებიდან არის, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, ამ ეტაპზე ექსპორტი სრულად შეჩერებული გვაქვს. ამის მიზეზი, პირველ რიგში ცუდი მოსავალია, თუმცა ასევე გამოწვევაა სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრულად მართული რეგულაციები. რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიულ კვლევებს სთხოვს, თუმცა, ამ დროს ქუთაისში ლაბორატორია არ არის და შესაბამისად თბილისში გვიწევს ამ კვლევების ჩატარება. ეს კი ხარჯებს გვიორმაგებს. შესაბამისად, ჯერ ლაბორატორიით უნდა უზრუნველყოთ და შემდეგ მომხდარიყო რეგულაციების შემოღება“, - აცხადებს იოსელიანი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ექსპორტზე გასვლა არ იგეგმება, ვინაიდან ღვინის დავარგება და ხარისხის გაუმჯობესება მოხდეს. აღნიშნული კი, ღვინის ღირებულებასაც გაზრდის.
ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა. ასევე, მეურნეობაში კრაფტ ლუდის (330 მლ,550 მლ, 750მლ) წარმოებაც ხდება.