მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოთხ მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები დავაპაუზეთ" - ქართული ტაქსის გამოძახების სერვისი "რაში"

ნოდარ ლაცაბიძე

ქართული ტაქსის გამოძახების სერვისის "რაშის" დამფუძნებლის, ნოდარ ლაცაბიძის განცხადებით, დღეს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ნაწილი გაჩერებულია. მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესს 4 მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაუპაუზდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისივე ცნობით, დღეს წარმოუდგენელია ქართულმა ბიზნესმა უცხოელ ინვესტორს ინვესტიციის ჩადებაზე ესაუბროს, რადგან ქვეყანაში სიტუაცია არასტაბილურია.

„მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ნაწილი გაჩერებულია. იქიდან გამომდინარე, რომ არასტაბილური და ქაოსური მდგომარეობაა ქვეყანაში, ამ პირობებში რაიმეს განვითარება ან საუბარი რეალობას მოკლებულია. ჩვენ ოთხ მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები შევწყვიტეთ და დავაპაუზეთ მოლაპარაკებები. ორი ინვესტორი ევროკავშირიდან და ორი კი აზიიდან იყო. წარმოუდგენელია უცხოელ ინვესტორს დღეს ქართულ ბიზნესში რაიმე ინვესტიციის ჩადებაზე ელაპარაკო.

ამ ინვესტიციებზე საუბარი გარკვეული პერიოდი მიდიოდა, გარკვეულ ეტაპამდე მივედით და როდესაც ეს რეალობა დადგა, მათ უბრალოდ თქვეს, რომ მინიმუმ 6 თვე ქართულ ბაზარზე რაიმე სახის ბიზნეს წარმოებაზე უბრალოდ უარს აცხადებენ, რადგან მოსალოდნელია ამერიკული სანქციები. ეს არის ზოგადად ბიზნეს გარემოსთვის დამაზიანებელი, როდესაც ჩვენ ამერიკულ და ევროპულ სანქციებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მსხვილი ინვესტორი აქ არ შემოვა“, - განაცხადა ტაქსის გამოძახების სერვისის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ქართული ბიზნესების უდიდესი ნაწილი უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ვინაიდან შიდა ბაზარზე რესურსების ფუფუნება ბიზნესს არ აქვს. თუმცა, თუ ქვეყანაში ინვესტორები აღარ დარჩებიან, ფულს აღარ ჩადებენ, ქვეყანა არასტაბილური გახდება და რომელმა მეწარმემ თუ ბიზნესმაც ხმა არ აიმაღლა, ვითარების გაუარესება საგრძნობი გახდება.

„სანქციების პირობებში, მათი ბიზნესის განვითარება უბრალოდ გამორიცხულია. ამ პერიოდში ბიზნესის ერთად დგომა არის მნიშვნელოვანი, რადგან რაც უფრო მეტნი ვართ, მით უფრო საშიში ვართ მათთვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფალი როგორც განყენებულს, ისე გიყურებს და გეუბნება, რომ ცოტანი ვართ. ერთი მოქალაქეც რომ იყოს ამ აზრზე, როგორც ხელისუფალს, ვალდებულება გაქვს, რომ მოუსმინო", - ამბობს ნოდარ ლაცაბიძე.

ბიზნესმენის თქმით, ახლა შიშის დრო აღარ არის და ყველას აზრის დაფიქსირება და ერთად დგომა არის მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები