"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე მიმართავენ. [საუბარია ბარერგადალახულ პარტიებზე] მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავდა. მისი თქმით, მტრული მიზნით მოქმედი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ. თუმცა მოგვიანებით, აპრილში, მდინარაძემ თქვა, რომ "ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თხოვნით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიმართავდა. „მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ",- განაცხადა მდინარაძემ.




























